დედაქალაქის მერია ვერის ბაღის და თბილისის ზღვის მიმდებარედ, დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს.
რაც შეეხება კიკვიძის პარკს, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პარკი მომავალ კვირას გაიხსნება.
„კიკვიძის პარკი ფაქტობრივად დასრულებულია და მომავალ კვირას პარკს ოფიციალურად გავხსნით. ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა. ჩვენ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ, წინ უნდა წავიდეთ და გავაგრძელოთ ეს სამუშაოები იმიტომ, რომ ძალიან დიდი პოზიტივია და თითოეული თბილისელისთვის მნიშვნელოვანია. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საპარკო კულტურა ქალაქში შემოდის. ძალიან ბევრი ადამიანი ახალგაზრდა, შუახნის, მოხუცებული სარგებლოს რეკრეაციული სივრცეებით. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე, რეკრეაციული ზონები გავაჩინოთ დედაქალაქში, სადაც ყველა თაობის ადამიანს შეეძლება დაისვენოს.
იცით, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციას ვაპირებთ და წლის ბოლოს სამუშაოები დაიწყება. დღეს მინდა მაია ბითაძეს დავავალო დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ შევძლოთ ვერის ბაღის პროექტის განხორციელება. ჯერ პროექტის დამუშავება და შემდგომ უშუალოდ სამუშაოების წარმოება, ასევე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის. უნდა მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის უძველესი და ისტორიული სარეკრეაციო სივრცეა, აუცილებლად საჭიროებს სრულ განახლებას. რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო კვლევა და დიზაინ პროექტია საჭირო, ასევე საჭიროა თანხები.
რაც შეეხება დენდროლოგიურ პარკს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზოოპარკთან ახლოს არის 150 ჰექტარზე გადაჭიმული, აქაც შესაძლებელია საქალაქო დონის პარკის გაკეთება, სადაც ყველა რაიონიდან ექნებათ ადამიანებს შესაძლებლობა მოვიდნენ და დაისვენონ. გავაკეთოთ საპიკნიკე ადგილები, გასართობი ზონები, ყველაფერი, რაც კი თანამედროვეობასთან არის დაკავშირებული. განვითარებული ქვეყნები როგორც აკეთებს პარკებს, ასეთი მასშტაბის სამუშაოები უნდა იყოს წარმოებული. რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს თანხები მოძიებული“, – განაცხადა კალაძემ.