„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციას მოუწოდებს, მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდეს კონსულტაციები საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით

556

„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და მოუწოდებს, მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდეს კონსულტაციები ადგილობრივ არჩევნებში საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, პარტიების ნაწილმა ვერ გამოიტანა დასკვნა წინა არჩევნებიდან და დამოუკიდებლად საკუთარ კანდიდატებს უკვე ასახელებს.

„2 თვეზე ოდნავ მეტი რჩება ადგილობრივ არჩევნებამდე. სამწუხაროდ, მიუხედავად „თავისუფალი საქართველოს“ მიერ არაერთი მოწოდებისა, რომ შევჯერებულიყავით ერთიან კანდიდატებზე – ცალკეულმა პარტიებმა და ჯგუფებმა უკვე დაიწყეს საკუთარი კანდიდატურების წამოყენება, რაც წყალს ასხამს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე.

სამწუხაროა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან ოპოზიციამ ვერ გამოიტანა გაკვეთილი: შევახსენებთ, ფართო საზოგადოებას, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახა ოპოზიციის მხოლოდ იმ ნაწილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკში იყო გაერთიანებული, ხოლო დანარჩენი პარტიები (რომლებიც ორნიშნა პროცენტულ მაჩვენებლებს გეგმავდნენ) პარლამენტს მიღმა დარჩნენ. ოპოზიციის პარტიული კანდიდატები დამარცხდნენ უკლებლივ ყველა საარჩევნო ოლქში.

მივმართავთ ოპოზიციურ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან ასოცირებული არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც ნაციონალურ მოძრაობასთან: მიმდინარე კვირის ბოლომდე დავასრულოთ კონსულტაციები და შევთანხმდეთ ერთიან კანდიდატებზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მივმართავთ პირველ რიგში ლეიბორისტულ პარტიას, დემოკრატიულ მოძრაობას და პატრიოტთა ალიანსს – სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოში 2 პარტიული კოაბიტაციის მახინჯი პროცესი. ჩვენი მხრივ მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე.

„თავისუფალი საქართველო“ მიმდინარე კვირის ბოლომდე დაელოდება ოპოზიციური პარტიების შემხვედრ პოზიციას, რის შემდეგაც მომავალ კვირას დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას – დამოუკიდებლად ან პარტნიორებთან ერთად“, – ნათქვამია “თავისუფალი საქართველოს” განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი