მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება, შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდეს

587

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს. საუბარია 2020 წლის 15 ივლისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დიმიტრი ხუნდაძემ, დიმიტრი მხეიძე, ზურაბ ხაჩიძემ და ილია ნაკაშიძემ მოამზადეს.

“ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ჩავატაროთ კარგად, გადავარჩინოთ ეკონომიკა და რაც მთავარია, გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე”, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ცვლილებაზე კომენტარისას.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ კოვიდ-19- თან ბრძოლის საუკეთესო ტაქტიკა შეიმუშავა და შედეგიც სახეზეა – გვაქვს გამორჩეულად პოზიტიური შედეგი, ჩვენ მაინც გვიწევს პანდემიის რეჟიმში ცხოვრება. მოსალოდნელია, შესაძლო მეორე ტალღა, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს უფრო მაღალი გავრცელება, იყოს შედეგობრივად უფრო მძიმე, ამიტომ ჩვენ გვიწევს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ” კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება წლის ბოლომდე.

რა თქმა უნდა, ამ ვითარებასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ მოახლოვდა საარჩევნო პერიოდი. ამიტომ ვფიქრობ, უპირველესია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, საჭიროა ეს პოზიტიური შედეგი იქნას ბოლომდე მიყვანილი და ამისათვის აუცილებელი პირობა არის, რომ ხელისუფლებას არ უწევდეს პროცესის მძიმე შეზღუდვებით მართვა, ანუ საგანგებო მდგომარეობის შემოღება საჭიროების შემთხვევაში და მან შეძლოს მართვა პროცესის უფრო მსუბუქი რეგულაციებით, რის შესაძლებლობასაც იძლევა “საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი” “, – განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

დადგენილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ გამოსცა, ძალაშია 2020 წლის 15 ივლისამდე.