შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისის მოსახლეობას შეხვდა და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იმისათვის, რომ აღნიშნულ სოფელში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას წყალი გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ტაშისკარის მაგისტრალური არხის ბოლო მონაკვეთზე, კერძოდ სოფელ რუისში შექმნილ შეფერხებებს აღმოფხვრის.
“აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად გადანაწილდეს. პარალელურად მიმდინარეობს რუისის სატუმბი სადგურის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება, ხოლო პროექტის სრულად დასრულება მომავალი წლის სარწყავი სეზონისთვისაა დაგეგმილი. სატუმბი სადგურის მოწყობა სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ წყალგამანაწილებელზე, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში დამატებით 135 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოირწყვება.
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სეზონის პარალელურად სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 34 სარეაბილიტაციო პროექტი, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში 6 პროექტი მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, შაბათს, 4 ივლისს, ქარელის მუნიციპალიტეტში სოფელ რუისის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა სარწყავი წყლის მიწოდების მოთხოვნით აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა სოფლის ცენტრიდან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე გადაინაცვლეს და ავტობანის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართლადამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მეორე კვირაა სოფელს სარწყავი წყალი არ მიეწოდება, რის გამოც მოსავალი ნადგურდება.
აქციის მონაწილეებიდან რამდენიმე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
„რეალურად რამდენიმე დღეა სოფელს სარწყავი წყალი არ მიეწოდება. ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემაა. ამ წუთებში მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან დაზიანებულ უბანზე და უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რის შედეგადაც ტაშისკარის სარწყავი არხის დაზიანებულ მონაკვეთზე უმოკლეს დროში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და სავარაუდოდ, 2 დღეში სოფელს წყლის მიწოდება აღუდგება,“- განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.