გორში, ქართლის ქუჩაზე გარევაჭრობა აიკრაძალება და დახლების გაშლის უფლება აღნიშნულ ტერიტორიაზე აღარავის ექნება, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” გორის მერი ესაუბრა.
კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს შესაბამისი გაფრთხილება უკვე მისცეს.
“ზედამხედველობის სამსახურიდან იყვნენ გასულები ამ ადგილას და დაურიგეს იქ მოვაჭრეებს ფურცლები, სადაც წერია, რომ ეს არის კანონდარღვევა და აღარ გამოვიდნენ ამ ტერიტორიაზე სავაჭროდ. ჩვენ არ გვაქვს დაჯარიმების უფლება, ეს არის უკვე პოლიციის საქმე. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ აღარ შეიძლება ამ ადგილას იმ საქმიანობის გაგრძელება, რასაც ახლა იქ აქვს ადგილი. ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა, გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, მითუმეტეს მაგ ქუჩის მთლიანი რეკონსტრუქცია იგეგმება”, – აღნიშნა გორის მერმა.
აღნიშნულ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება და გაჩერება ამ დროისთვის უკვე აკრძალულია, თუმცა გარემოვაჭრეები ტერიტორიაზე ხილ-ბოსტნეულს ჯერჯერობით ისევ ყიდიან.