„ქალები COVID 19-ის წინააღმდეგ“ – ამ მოწოდებით დაწყებული კეთილი საქმე და რეგიონებში  ხელმოკლე ოჯახებისთვის დარიგებული დახმარება

2144

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

“ქალები „COVID 19-ის წინააღმდეგ” – მარტში ამ სახელწოდების გვერდი გაკეთდა “ფეისბუქში” და ამ სივრციდან დაიწყო პროექტი, რომელიც რეგიონებში პანდემიის დროს ღარიბი ოჯახების ჰუმანიტარულ დახმარებას გულისხმობდა. ამის შესახებ droa.ge-სთან ფონდის “ტასო” გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი საუბრობს.

– „სოციალური ქსელში ფონდმა “ტასო” გაავრცელა მოწოდება თავის ახლანდელ და წინა წლების პარტნიორებში და მათი დახმარებით შეკრიბა იმ ადამიანების, ოჯახების სიები, ვინც გადაუდებელ, ძირითადად, სურსათით დახმარებას საჭიროებდა… გეოგრაფიული დაფარვის სივრცე ადგილებზე, სოფლად მცხოვრები მოხალისეების ინიციატივებით განისაზღვრა – საქართველოს 8 რეგიონის  16 მუნიციპალიტეტი. ამათგან მარნეულის, თეთრიწყაროს, ასპინძის, ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების 12 სოფელში და ქალაქ ახალციხეში სურსათის 100-ლარიანი პაკეტები 261-მა ოჯახმა მიიღო. ამ მუნიციპალიტეტებში, ჩვენს ფონდთან და “კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდთან” პარტნიორობით, მუშაობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სათემო მობილიზაციისა და შესაძლებლობათა განვითარების გზით” და ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროგრამა ამ პროექტის ბიუჯეტიდან განხორციელდა ჩვენი თანამშრომლის, მაიკო გრძელიშვილის დიდი ძალისხმევითა და პროექტის სოფლად მცხოვრებ მონაწილეთა მოხალისეობრივი წვლილით.

ეს, ცხადია, არ იყო საკმარისი და “ღია საზოგადოების ფონდს” მივმართეთ. ფონდმა მხარი დაუჭირა ჩვენს პროექტს “ჰუმანიტარული დახმარება სათემო მობილიზაციით”, რომელიც ითვალისწინებს მოწყვლადი ოჯახების დახმარებას სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების 80 სოფელში. ეს სოფლები ზუგდიდის, წალენჯიხის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ონის, ცაგერის, ზესტაფონის, ხარაგაულის, თეთრიწყაროს, თელავისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. ახლა ჩვენ პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე ვართ; რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთსა და შიდა ქართლში ვმუშაობთ იქაურ მოხალისე აქტივისტებთან ერთად. ამ პროექტში ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარება სულადობის მიხედვითაა გათვლილი.

ყველამ ვიცით, რომ ქვეყანას ჰყავს ძალიან ღარიბი მოსახლეობაც, ამიტომაც არსებობს სახელმწიფო შემწეობა, სოციალურად დაუცველთა სიები და სხვა. ამ ხალხის ბედი მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი კი არა, ყოველი ჩვენთაგანის საკითხავია, მიუხედავად იმისა, ვართ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, თუ უბრალოდ – სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

– ქალბატონო მარინა, საიდან წამოვიდა ეს იდეა და როგორ განხორციელდა ის?

-ეს იდეა ჰაერში ტრიალებდა, საჭიროება ცხადი იყო, და ახლაც ასეა. გასაგებიცაა, რადგან არაერთი ბიზნესი გაჩერდა, ხალხი უმუშევარი დარჩა, თან გაზაფხული იდგა – მშიერი დრო… ჩვენი ფონდი 2004 წლიდან მუშაობს სოფლებში და ვიცით, რომ ბევრი ღარიბი ოჯახია და მათ ასეთ კრიზისულ პერიოდში უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება. ჩვენ ჰუმანიტარული დახმარების გაცემის გამოცდილება კი გვქონდა, მაგრამ ეს ყოველთვის, განსაკუთრებით მასშტაბურად კი 2008 წლის ომის დროს, პირადი ჯიბეებიდან კეთდებოდა და არა რაიმე პროექტის ფარგლებში. ახლა ამ საქმეს, როგორც ორგანიზაცია, პირველად ვაკეთებთ. საჭიროება გაჩნდა, პროექტი დაიწერა და “ღია საზოგადოების ფონდმა” მხარი დაგვიჭირა. ამ მხარდაჭერის იმედი ნამდვილად გვქონდა, ზიარი ფასეულობების საფუძველზე, ცხადია…

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ღარიბი ოჯახია და ამ ოჯახებიდან როგორ შეარჩიეთ ისინი, ვინც ფონდის დახმარებას მიიღებდა?

– ამ პროექტში ჩვენი გამორჩეული შესაძლებლობები შექმნა იმან, რომ მრავალი წელია, განვითარების პროგრამებით ვმუშაობთ საქართველოს სოფლებში. შესაბამისად, ჩვენ გვყავს აწინდელი და წინა წლების სანდო პარტნიორებიც: სათემო ფონდები – ჩვენი შვილობილი ორგანიზაციები და სათემო მობილიზაციის პროექტების (2010 წლიდან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით) მონაწილე თვითდახმარების ქალთა ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ინიციატივას გამოეხმაურნენ და, როგორც ადგილობრივმა ლიდერებმა და აქტივისტებმა, თავს იდვეს განხორციელება. ეს არის ნდობა, და თანამშრომლობა ნდობის საფუძველზე. ჩვენ მათ ვანდეთ მოწყვლადი ოჯახების სიების შედგენა, ოჯახების საჭიროებების რკვევა, შესყიდვები, შესყიდულის გადანაწილება, დასარიგებელი პაკეტების შედგენა და ოჯახებში მიტანა; გარდა ამისა – ფინანსური დოკუმენტები, ანგარიშგება… ეს არის სერიოზული მოცულობის საქმის მოხალისეობრივად კეთება;

კარგია ისიც, რომ ჩვენმა პარტნიორებმა არა მხოლოდ თავისი, არამედ ახლომახლო სოფლებში მცხოვრები ოჯახებიც ჩართეს ჰუმანიტარულ პროექტში; პროექტის გეოგრაფია ამით გაფართოვდა, ხოლო მთავარი ისაა, რომ ცხადი გახდა – სიები სამართლიანად შედგა და დახმარება სამართლიანად დარიგდა. სამართლიანობა ძირითადია. დარიგების პროგრამების სირთულე ხომ ისაა, რომ ხალხს, კონკრეტულად, და ამ ხალხის მდგომარეობას, თუ არ იცნობ და ვერ ითვალისწინებ, თანაბრად აძლევ ყველას (რისი გამოცდილებაც ამ ქვეყანას ნამდვილად აქვს), თორემ ვიღაც უკმაყოფილო და გაბრაზებული დარჩება. ჩვენს პროექტში კი, იმის წყალობით, რომ ჩვენმა მოხალისეებმა (როგორც ადგილობრივი კონტექსტის ექსპერტებმა) სიები სამართლიანად შეადგინეს, პრინციპით – ყველაზე გაჭირვებულს. ამიტომაც გაბრაზებული მშვიდდებოდა მაშინვე, როგორც კი დაინახავდა, თუ ვის ეზო-კარს მიადგა ჰუმანიტარული ტვირთი. უპირველესად ამის გამო ვმადლობ ჩვენს მოხალისეებს, და მერე – გაწეული შრომისთვის. მადლობა, განსაკუთრებული, და ნამდვილად მხურვალე, რაც მათ ხალხისგან მიიღეს, გადმოგვცეს ჩვენც, ჩვენ კი “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდს” გადავეცით. ფონდი იქით გადაგზავნის, საიდანაც ფულადი სახსრები მოვიდა და გამოშუქდება ფულისა და მადლობის ორმხრივი მოძრაობის მშვენიერი ტრასა. ლამაზად გამოვიდა..

რა კრიტერიუმი განსაზღვრავდა იმას, რომ “უფრო უჭირს”? გადამწყვეტი იყო მარტოხელა დედა, მრავალშვილიანი ოჯახი, შშმ პირი ოჯახში, ან მოხუცი?

– მთავარი კრიტერიუმი იყო – მართლა უჭირს და ეს, ცხადია, უჭირს მთელი თემის თვალწინ; ეს ყველამ იცის და ზოგი ეხმარება ხოლმე კიდეც, რითაც და როგორც შეუძლია. ამათი აღმოჩენა გვინდოდა, ამაში ვენდეთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს მოწოდებას გამოეხმაურა. ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო სოციალურ ჯგუფს მიკუთვნება, ოფიციალური სოციალური სტატუსი. მოხალისეებმა გადმოგვცეს თავისი ცოდნა მოწყვლადი ოჯახების მდგომარეობაზე; ყველამ შეავსო საგანგებოდ შედგენილი ცხრილი, რომელშიც, მათ შორის, აღიწერა თითოეული ადამიანის/ოჯახის მდგომარეობა. მძიმე საკითხავი იყო. ამ მონაცემების მიხედვით და ოჯახთა სულადობის გათვალისწინებით დავიანგარიშეთ და გავანაწილეთ “ღია საზოგადოების ფონდისგან” მიღებული საგრანტო თანხა.

დახმარების კარგი პაკეტები გამოვიდა, განსხვავებული. ხელისუფლებამაც იზრუნა პენსიონერებზეც და სამსახურდაკარგულებზეც და თვითმმართველობებმაც დაარიგეს სურსათი სოციალურად დაუცველ ოჯახებში, რამდენიც და როგორც შეძლეს. ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ყველა შეჭირვებული ოჯახი სოციალურად დაუცველთა სიაში არ არის. ვინც სიაშია, ის მომდევნო თვეებშიც მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას, მცირედს, მაგრამ მიიღებს. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა პაკეტი დაგვერიგებინა სიაში მყოფებისთვის და იმ ღარიბი ოჯახებისთვის, ვინც სახელმწიფო დახმარების სიაში ვერ მოხვდნენ. გარდა ამისა, ამ პანდემიის დროს ისეთი ოჯახებიც გაჩნდა, სადაც ოჯახის წევრებმა სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი დაკარგეს – ჩვენს სიებში ასეთი ხალხიც შევიდა. სოციალურად დაუცველთა სიაში მყოფებისთვის ცოტათი ნაკლებფასიანი პაკეტები გავამზადეთ, ვინც სიაში არ არის, მაგრამ გაჭირვებულია – მეტი მივეცით.

ჩვენი დახმარების ორი მესამედი უკვე დარიგებულია, მადლობები – მიღებული. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხალისე მოსალოდნელზე მეტი გამოდგა. პროექტის პირველ ეტაპზე საქმეში 58 მოხალისე იყო ჩართული, და ამ რიცხვში არ შედის პარტნიორი ორგანიზაციების – სათემო ფონდების თანამშრომლები, არც ჩვენი ფონდის თანამშრომლები. პროექტი სრულიად მოხალისეობრივია და  ეს ჩემთვის კარგი და საამაყო ამბავია, სამოქალაქო საზოგადოების ამოძრავებას ჰგავს.  დიდი შრომა კი გასწიეს, მაგრამ სამაგიეროც მიიღეს – კმაყოფილება კარგ საქმეში მონაწილეობით და გამოცდილება – მომავალი საქმიანობებისთვის.

სულ რამდენ სოფელში რამდენ ოჯახს და რამდენ ადამიანს დაეხმარეთ?

– ერთიანად, ამ პროექტის ფარგლებში, ჰუმანიტარული დახმარება 80 სოფელში უნდა მივიდეს. დღეისათვის უკვე დავეხმარეთ 258 ოჯახს (800 ადამიანი) 46 სოფელში. კიდევ 34 სოფელში უნდა ვიმუშაოთ რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთსა და შიდა ქართლში.

რა ტიპის დახმარება დარიგდა?

– ზოგს ჰქონდა სპეციფიკური მოთხოვნა – წამლები, საფენები ბავშვებისთვის, სხვა, მაგრამ ძირითად პაკეტშია ფქვილი, საფუარი, შაქარი, ზეთი, მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, ლობიო; ასევე, ჰიგიენის პროდუქტები, მათ შორის, საპნები, სარეცხის ფხვნილები; და დამატებით – მაღაზიათა ქსელის 50-ლარიანი ვაუჩერი, რომლითაც შეიძლება იყიდო რაღაც, ძირითადი პაკეტისგან განსხვავებული, ოღონდ არა – თამბაქო და ალკოჰოლი. ეს იყო მაღაზიათა ქსელის “მაგნატი” მართლაც მოსაწონი ინიციატივა;

უნდა ითქვას, რომ მომწოდებელი ბიზნესები გარკვეულ ფასდაკლებებსაც სთაზობდნენ ჩვენს გრანტისმიმღებ პარტნიორებს, ანუ – ადეკვატურად რეაგირებდნენ ჰუმანიტარული დახმარების საკითხზე. შესაბამისად, დანაზოგი თანხით, ჩვენთან, როგორც დონორთან, შეთანხმებით, მოხალისეები ზრდიდნენ დახმარების მიმღებთა რიცხვს. დახმარების საჭიროების მქონეთა სია, სამწუხაროდ, მზარდია, ეს ჰუმნიტარული პროექტის მეორე ეტაპის დასაწყისშივე გახდა ცხადი.

გაზიარების გზა დახმარების მიმღებებმაც გააგრძელეს: მარტვილის დევნილთა დასახლებაში ცალკე კორპუსია, 14 ოჯახზე გაიცა დახმარება და ამ ადამიანებმა მიღებული პროდუქტებიდან ცოტ-ცოტა მეზობლებსაც გაუნაწილეს და იმ უბანში მცხოვრებ გაჭირვებულ, მარტოხელა დედასაც. ასევე, ნასაკირალში, სადაც მუსლიმ მესხებს დავეხმარეთ, ერთმა ოჯახმა დახმარების ნახევარი სხვა ოჯახს მიაწოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი დიდსულოვნების მაგალითები მეტია, აქ მხოლოდ იმას ვამბობ, რაც ჩვენი მოხალისეების თვალწინ მოხდა და იმავე საღამოს მახარეს.

ამ პროექის დასრულების შემდეგ, იგეგმება კიდევ რაიმე ამ მიმართულებით?

– “ფეისბუკის” გვერდზე – „ქალები კოვიდ 19-ის წინააღმდეგ“, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, გამოვაცხადეთ სიების მიღების შეწყვეტა, ხალხი დღემდე იწერება. ეს ინფორმაცია შენახული გვაქვს, როგორც საფუძველი იმისა, რომ მხარდაჭერისთვის დახმარების შემდეგი რაუნდის ჩასატარებლად კვლავ მივმართოთ “ღია საზოგადოების ფონდს”. მომავალზეც ვფიქრობთ – შრომისუნარიან და გამრჯე ხალხს სოფლად დახმარება სჭირდება იმისთვის, რომ საკვები პროდუქტები ქვეყნის ბაზარს მიაწოდოს და ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს.

სადაც შეხება გქონდათ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ როგორ იმუშავა? სიების შედგენისას თუ გქონდათ მათთან კომუნიკაცია და ზოგადად, როგორ გაართვეს თავი გამოწვევებს?

– ჩვენ, თავდაპირველად, ეპიდემიის გამოცხადებისთანავე, გამოვითხოვეთ მოწყვლადი ოჯახების სიები იმ თვითმმართველობებისგან, სადაც ამჟამად გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ; მოგვაწოდეს კიდეც, მაგრამ ცხადი გახდა, რომ ამდენი ხალხის დახმარებას ვერაფრით გავწვდებოდით; ამის შემდეგ მივმართეთ სოფლად მოქმედ სათემო ფონდებსა და სხვა მოხალისეებს, ჩვენს პარტნიორებს. მათ კი, თავის მხრივ, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ითანამშრომლეს თავიანთი შედგენილი სიების დასაზუსტებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ეს მეზობელი სოფლების მოსახლეობას ეხებოდა.

თემის კეთილდღეობისთვის ხალხის თვითმმართველობასთან თანამშრომლობა სოციალური მობილიზაციის მნიშვნელოვანი შემადგენელია, ამაზე 2011 წლიდან ვმუშაობთ; ჩვენი აქტივისტები მზად იყვნენ დამოუკიდებელი დიალოგისთვის თვითმმართველობასთან.

ზოგადად, თვითმმართველობამ თავად თუ შეძლო შესაბამისი სერვისების მიწოდება?ჩვენ ვხედავდით, რომ სასურსათო პაკეტები რიგდებოდა, და ეს იყო ყველგან და ეს იყო სამართლიანად?

-მე ვიცი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დარიგდა დახმარებები. ამის მომსწრე პირადადაც ვარ თელავის მუნიციპალიტეტში. ჩვენს ჰუმანიტარულ პროგრამას რამდენიმე ადგილას თვითმმართველობა ტრანსპორტითაც დაეხმარა.

და 30-ლარიანი დახმარება საკმარისია? რას ამბობდნენ თავად ეს შეჭირვებული ოჯახები?

– მაგის კრიტიკოსი არ ვარ. მიმაჩნია, რომ, ალბათ, მეტი არ შეეძლოთ. რაც შეეძლოთ, ის გააკეთეს. ოჯახები ამ თემაზე არ გამოგვიკითხავს… ერთს ვიტყვი, ჩვენი მოხალისეები გვეკითხებოდნენ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვისაც დაურიგა, მათაც მივცეთ თუ არაო და – დიახ-მეთქი, ვპასუხობდი.

ჩვენს ჰუმანიტარულ პროექტში 8 გრანტია უკვე გაცემული და კიდევ 6 გრანტი უნდა გაიცეს. გრანტის მიმღებნი უნდა ჩამოვთვალო. ყველა მოხალისეს აქ ვერ ჩამოვთვლი, ბევრნი არიან და მათი რიცხვი მზარდია; თუმცა, ჯერ აუცილებლად უნდა ვახსენო პროექტის მთავარი მოხალისე – ეკატერინე წურწუმია, “ფონდის “ტასო” გრანტების ადმინისტრატორი – ყველა სხვა მოხალისეს დამხმარე და მრჩეველი, შეიძლება ითქვას – ამ პროექტის ხელჩართული მემატიანე. გრანტის მიმღები რეგისტრირებული ორგანიზაციები, რომელთაც საქმეში მოხალისე აქტივისტები ეხმარებიან: სათემო ფონდი “ნეფა” (ანაკლია, სამეგრელო), სათემო ფონდი “ქალები რეგიონის განვითარებისთვის” (დვაბზუ, გურია), კოოპერატივი “გურიის თხილი” (შუხუთი, გურია; ლია მუხაშავრიას, ხელმძღვანელს, ვთხოვეთ და თავს იდვეს მოხალისეობრივი შრომა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში), სათემო ფონდი “კოდორი 2013” (წინწყარო, ქვემო ქართლი), სათემო ფონდი “სოფლის ქალები ადამიანის უფლებებისთვის” (სანიორე, კახეთი), “ახალგაზრდული პორტალი” (თელიანი, შიდა ქართლი). აგრეთვე, გვყავს გრანტის მიმღები კერძო პირები, რომელთაც საქმეში მოხალისე ქალთა ჯგუფები ეხმარებიან: ნინო ხარჩილავა (მარტვილის დევნილთა დასახლება, სამეგრელო), ეკატერინე ციხისელი (ღარი, რაჭა), მერი ბარდაველიძე (გლოლა, რაჭა), ელენე სტეფნიაშვილი (ბუგეული, რაჭა), ნინო ბენიძე (ზუბი, ლეჩხუმი), ხათუნა ღურჭუმელიძე (ნასპერი, ლეჩხუმი), მზევინარ სხილაძე (საღვინე, ზესტაფონი) და ნინო გველესიანი (თეთრაწყარო, ხარაგაული).

ჩვენ, ყველანი ერთად, ვმადლობთ “ღია საზოგადოების ფონდს” მხარდაჭერისთვის, რომლითაც ამ ადამიანების დახმარება შევძელით.