დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს

633

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ მეორე მოსმენისას რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ ყოფილა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა დეპუტატებს, რომ წარმოდგენილი პროექტი სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების კონტრაჰენტებისთვის ხელის შეწყობას ისახავს მიზნად და პანდემიიდან და საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ხელშეკრულების მოდიფიცირების და ჯარიმების პატიების საშუალებას იძლევა.

ამასთან მესამე მოსმენით განიხილეს კომიტეტზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა გამოიტანა სხდომაზე.

კანონპროექტის მიზანია საქართველოში ელექტროენერგიის ტრანზიტის სფეროს მოწესრიგების შემდეგ ეტაპზე გადასვლა და ელექტროენერგიის ტრანზიტის ინფასტრუქტურის რეგულირებად აქტივებში ასახვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით წარმოადგინა შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ. კანონპროექტით ყალიბდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დავების განმხილველი საბჭო, რომლის წევრებიც შეირჩევიან გამჭვირვალე პროცესის შედეგად – საჯარო კონკურსის საფუძველზე. ცვლილების შედეგად დადგინდება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. კანონპროექტის შედეგად გაიზრდება გასაჩივრების ვადები. ამასთან, გასაჩივრებას დაექვემდებარება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის დირექტივით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. ხოლო არ გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მონეტარულ ზღვრებს ქვევით. ასევე, იცვლება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განსახორციელებლად, სააგენტოსთან შეთანხმების წესი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს“, – აღნიშნულია ინფორაციაში.