„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დროულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებით რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს 15 ივლისის შემდგომ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული, პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების საკანონმდებლო საფუძველს ვადა 2020 წლის 15 ივლისს ეწურება, საზოგადოებისთვის კი უცნობია, თუ რა სამართლებრივი რეალობა იარსებებს ამის შემდგომ.
„ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში არ ფიქსირდება ახალი კანონპროექტი ვადის გაგრძელების ან საკითხის სხვაგვარად მოწესრიგების შესახებ. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყოს აქტიური განხილვა აღნიშნული საკითხის შესახებ და მიაწოდოს საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია. მიგვაჩნია, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობა/არ არსებობის თაობაზე საზოგადოების დროულ ინფორმირებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას საარჩევნო წელი და პროცესები ანიჭებს, ვინაიდან საარჩევნო პროცესის სრულფასოვანი წარმართვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პანდემიასთან ბრძოლის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ COVID-19 ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა, რითაც საქართველოს მთავრობას მიეცა შესაძლებლობა, კვლავ დაეწესებინა შეზღუდვები მთელ რიგ კონსტიტუციურ უფლებებზე, მათ შორისაა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, მიმოსვლა, საგანმანათლებლო პროცესი და სხვა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სექტორის მწვავე პროტესტის და სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციების შედეგად კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია გაუმჯობესდა და საბოლოოდ მიღებული კანონი ითვალისწინებს გარკვეულ დათქმებს უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დელეგირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, კანონის საბოლოო ვერსიაში არაა ასახული მნიშვნელოვანი მოთხოვნა – რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის საფუძვლები და ფარგლები თავად კანონით განისაზღვროს. უფლებამოსილების დელეგირებისას, აუცილებელია კანონმდებელმა დაადგინოს კრიტერიუმები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე შეეხება ძირითადი უფლებების შეზღუდვას, რათა ადამიანის თავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სრულად არ გადავიდეს აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეციაში, იყოს პროგნოზირებადი და განჭვრეტადი. სწორედ ამ მიზნით, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა თავად განსაზღვროს ძირითად უფლებაში ჩარევის საგანი, შინაარსი, მიზანი და ზომა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით რაც უფრო მკაცრია ჩარევა ძირითად უფლებაში, მით უფრო დეტალურად უნდა გაწეროს კანონმდებელმა აღნიშნული ღონისძიების გამოყენების საფუძვლები და წესი. მიღებულ კანონში სწორედ ეს მოთხოვნებია უგულებელყოფილი, რის გამოც მიმდინარეობს დავა საკონსტიტუციო სასამართლოში. პრობლემას წარმოადგენს ასევე ის, რომ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე საქართველოს მთავრობას შეუძლია ისევ დაადგინოს საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული რეგულაციებისგან განსხვავებული წესები. ამგვარად, მიღებული ნორმები არა მხოლოდ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით უშვებს ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვას, არამედ მთავრობას ანიჭებს შესაძლებლობას, იმგვარი შემზღუდველი წესები დაადგინოს, რომელიც განსხვავდება/ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას და კანონით დადგენილ წესებს. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობის პრინციპთან, რამეთუ ამ პრინციპიდან გამომდინარე, მთავრობის დადგენილებებსა და სხვა კანონქვემდებარე აქტებს ვერ მიენიჭება უპირატესობა კანონებთან მიმართებით და ვერ ჩაანაცვლებენ კანონს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ მთავრობის დადგენილებით არ შეიზღუდოს ადამიანის უფლებები, არამედ ასეთი რეგულაციები კანონში გაიწეროს. GDI, ISFED და HRC აქტიურად მუშაობენ საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შეფასებაზე, მზად არიან მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში და დაინტერესებულ პირებს გააცნონ მათი პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით,“-ნათქვამია განცხადებაში.