საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” სევდია უგრეხელიძე მერობის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერის ჩატარების იდეას მიესალმება.
სევდია უგრეხელიძე დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” ახალი ოპოზიციური გაერთიანების შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პარტიასთან არ შეუთანხმებია.
“მე ვერ მოვასწარი პარტიასთან შეთანხმება, მაგრამ არც არის საჭირო. რამდენიმე მეგობარი შემხვდა და ვთქვით, რომ ეს საინტერესოა და მე მოვედი. რა თქმა უნდა, ამ ამბავს გუნდში მივიტან. პირადად მე მიმაჩნია, რომ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. ყველა ასე თვლის, რომ ეს აუცილებელია. ნებისმიერი შემთხვევაში ოპოზიციის ერთიანობა ყოველთვის მომგებიანია. ახლა, როცა ეს საეჭვო ღირებულების და არაპროფესიონალი ხელისუფლება საქართველოს უფსკრულისაკენ მიაქანებს, ახლა გაერთიანება აუცილებელია. მაგრამ რამდენად შესაძლებელია ეს, ამისთვის საჭიროა პრაქტიკული გზების დასახვა. მე რომ ვიყო წარდგენილი კანდიდატი, დავინტერესდებოდი ამ შემოთავაზებით”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
“ინტერპრესნიუსის” შეკითხვაზე, მოხსნიდა თუ არა ის კანდიდატურას ზაალ უდუმაშვილის ადგილას, სევდია უგრეხელიძემ უპასუხა:
“რა თქმა უნდა, ვინც გამსვლელია ის უნდა იყოს. მართლა ოლიმპიადა ხომ არ არის, რომ მონაწილეობა იყოს მთავარი. მე ვფიქრობ, საინტერესო აზრი და იდეაა. ვერ გეტყვით ამას პარტია როგორ აღიქვამს. მე პირადად არავინ მიშლის ამას, რომ დავინტერესდე და ამაზე ჩემი აზრი გამოვხატო”.
ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ “ახალი საქართველო”, “ახალი ერთობა საქართველოსთვის”, “ევროპელი დემოკრატები” და “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი პროდასავლურ ოპოზიცურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატების არჩევისკენ მოუწოდებენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი