დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ალოობა-2020“ დაიწყო

787

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ალოობა-2020“ დაიწყო. ადგილობრივი ფერმერები ამბობენ, რომ წელს მარცვლეული კულტურის მოსავალი მცირე იქნება. ამის მიზეზად ისინი სამთვიან გვალვას ასახელებენ.

მათი თქმით, შარშან თუ ერთ ჰექტარ ფართობზე 3-4 ტონა ხორბალი მოიყვანეს, წელს ჰექტარზე მაქსიმუმ ორ ტონა ხორბალს აიღებენ. სულ საქართველოში წელს 200 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან.

მცირემოსავლიანობის მიუხედავად, ფერმერები ამბობენ, რომ ხორბალზე გაზრდილია მოთხოვნა და ფასი, რაც აბალანსებს მოსავალზე მიღებულ მოგებას და გაწეულ ხარჯს.

დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე მოსავლის აღების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრო. ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ალოობის სეზონი წელს წარმატებული იქნება.

„წელს შირაქის ველზე კლიმატური პირობებიდან გამომდინარე მოსავალი შედარებით ნაკლებია, მაგრამ ჯამურად საჰექტრო მოსავალი წელს უფრო მეტია შარშანდელთან შედარებით. ამის მიუხედავად, დღეს უფრო მყარია მოთხოვნა როგორც ქერზე, ასევე ხორბალზე. 65 თეთრია ქერის ფასი და 60-ზე მეტია ხორბლის ფასი, ეს არის ყველაზე მაქსიმუმი, რაც კი მოსავლის აღების დროს წინა წლებში ფიქსირდებოდა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ადგილობრივი მცირემიწიანი ფერმერები ტექნიკის ნაკლებობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ტექნიკა ხვნა- თესვისა და მოსავლის აღების დროს პირველ რიგში მსხვილ ფერმერებთან მუშაობს, მცირემიწიან ფერმერებს კი ლოდინი უწევთ. მინისტრის განმარტებით, ტექნიკის რაოდენობა ქვეყანაში იზრდება, თუმცა პარალელურად იზრდება მათზე მოთხოვნა.

„ამ ეტაპზე 7000-ზე მეტი ოფიციალურად რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია გვაქვს. ეს ერთი იმდენია, რომელიც გვყავდა გამართული და კონკურენტუნარიანი ტექნიკა 2012 წლამდე. დიდწილად ეს არის სახელმწიფოს თანადაფინანსებით. გვესმის, რომ ყველაზე მეტი მოთხოვნა ფერმერებისგან არის ტექნიკაზე თანადაფინანსება, რაც წლების განმავლობაში უნდა გაგრძელდეს სახელმწიფოს მხრიდან, მეტი ფულიც უნდა დაიხარჯოს და რამდენიმე წელში ჩვენ უფრო უკეთესი მდგომარეობა გვექნება“, – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებიდან მოსავლის აღების შემდგომ ფართობების გადაწვის ტენდენციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგულაციები გამკაცრებულია, პასუხისმგებლობას უზრდის იმ ფერმერებს და ადამიანებს, ვინც ამ ტენდენციას მიმართავს.

„ფართობების გადაწვის საკითხი პირდაპირ კავშირშია მწარმოებლობასთან და ერთ ჰექტარზე საჰექტრო მოსავლის გაზრდასთან, ჩვენ გვინდა ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება და ის ჰუმუსის ფენა, რომელიც ათასწლეულის მანძილზე ყალიბდება, შეიძლება გადაწვით ერთიანად მოვსპოთ. ეს არის ეროვნული საგანძური, ეს არ არის პირადი საკუთრება, ამიტომ გვაქვს უკვე გამკაცრებული სანქციები. მაგრამ სანქციები და კანონმდებლობა კი არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია სწორად განათლება და ადამიანთან ინფორმაციის ადეკვატურად მიტანა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფერმერები ქარსაცავი ზოლის არარსებობიდან გამომდინარე პრობლემებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ქარსაცავის გაშენება საკუთარი ძალებით შეუძლებელია, რაზეც სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ ქარსაცავი ზოლის განაშენიანებასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიღებაც ამ კუთხით ახალ პოლიტიკას შექმნის.