საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული ნორმა, რომლის თანახმად, მედიამ საარჩევნო სარეკლამო შემოსავლების თაობაზე აუდიტის სამსახურს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს, შესაძლოა, მეორე მოსმენისთვის შეიცვალოს. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით მედიის და აუდიტის პოზიციას მოისმენენ, რის შემდეგაც შესაძლოა, ეს ნორმა გადაიხედოს.
კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის ეს ნორმა პრინციპულ მნიშვნელობას არ ატარებს.
„რა თქმა უნდა, მეორე მოსმენის დროს იქნება დამატებით ცვლილება, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც აუდიტის სამსახურმაც გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები, დაზუსტდება ეს რეგულაციები. აუდიტის სამსახურს დარჩება ყველაფრის ვალდებულება, უბრალოდ, აქ საუბარია მედიის ვალდებულებაზე გაუგზავნოს ინფორმაცია აუდიტის სამსახურს. აუდიტის სამსახური ისედაც უნდა აკონტროლებდეს აბსოლუტურად ყველა ხარჯს. მეორე მოსმენამდე გვექნება დისკუსია, მოვისმენთ აუდიტის და ყველა სუბიექტის მოსაზრებას. ჩვენ გვაინტერესებს მათ შორის, რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით მედიას.
ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია, თუ იქნება განსხვავებული პოზიციები აუდიტის და მედიის მხრიდან, შეგვიძლია ამას გადავხედოთ. ჩვენთვის ამ ნორმას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თუ იქნება მოთხოვნა მათ შორის მედიის მხრიდან, რომ ეს ნორმა არ ჩაჯდეს, მზად ვართ ეს განიხილოთ. უბრალოდ, დავაზუსტებ, რომ ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, შემდეგ მათი ინიციატივა იყო, რომ ასეთი ნორმა დაგვეწესებინა, საუბარია ვალდებულებაზე, რომ მედიამ თავისი სარეკლამო შემოსავლების თაობაზე აუდიტის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია, საუბარია საარჩევნო სარეკლამო საარჩევნო მომსახურების დროს მიღებულ თანხებზე. თუ იქნება განსხვავებული პოზიციები, განვიხილავთ, მეორე მოსმენისთვის ვიმსჯელებთ და შესაძლოა, შევცვალოთ ჩვენი პოზიციები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საარჩევნო კოდექსში იმ ცვლილებას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, აუდიტის სამსახურს მედიის, მათ შორის არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი მედია საშუალებების, ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის უფლებამოსილება ენიჭება. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.