გორში სხვადასხვა ქუჩებზე საგზაო ნიშნები განთავსდება. ინიციატივა გორის მერიაში ადგილობრივმა მოსახლეობამ შეიტანა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სიჩქარის შემზღუდველი ბარიერის დამონტაჟებას გელდიაშვილის, ქუთაისის, რობაქიძის, ლერმონტოვის და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლები ითხოვენ. ნიშნების განთავსება საგზაო უსაფთხოებიდან და ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით იგეგმება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ასევე შესულია საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის წერილი, რომლითაც ითხოვს გორის ზოგიერთ ქუჩაზე საგზაო ნიშნების “გაჩერება აკრძალულია” და “დგომა აკრძალულია” ნიშნების განთავსებას.
განკარგულების მიხედვით, ნიშნები დაიდგმება ქალაქის სხვადასხვა ადგილებში.
“სტალინის გამზირი – სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში არსებული შადრევნიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 მ-ში, სტალინის გამზ. № 25-ის მოპირდაპირე მხარეს -3,27 „გაჩერება აკრძალულია“; სტალინის გამზირი №19-ის მიმდებარედ – 3.28 „დგომა აკრძალულია“; ცხინვალის გზატკეცილი № 10-ის მიმდებარედ -3.27 „გაჩერება აკრძალულია“, – წერია განკარგულებაში.
დეპუტატები ქალაქში საგზაო ნიშნების დამატების საკითხს კენჭს საკრებულოს სხდომაზე უყრიან.