მედიაპროექტ “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, ჭიათურის მერიამ ავარიულ კორპუსებთან 20 000 ლარის ტრენაჟორები დაამონტაჟა.
“2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ივლისის ჩათვლით ჭიათურის მუნიციპალიტეტმა 18 ლოკაციაზე დაამონტაჟა სპორტული ტრენაჟორები. მათ შეძენა-განთავსებაში ჯამში 366,486 ლარი დაიხარჯა.
აღნიშნულ პერიოდში ტენდერი 4-ჯერ გამოცხადდა და ყველა ჯერზე შპს “ჯეო პარკმა” (ს/კ 205261429) უკონკურენტო გარემოში გაიმარჯვა.
ფანცულაიას ქუჩაზე არსებული კორპუსი, რომლის გვერდითაც პროექტი განხორცილდა, მოსახლეობისგან 2016 წელს დაიცალა. მიზეზი მისი ავარიული მდგომარეობა იყო. დღევანდელი მონაცემებით, ე.წ. “25-ის დასახლებაზე” სულ უფრო და უფრო იკლებს მაცხოვრებელი. ამ დროისთვის, მხოლოდ ორი კორპუსია შემორჩენილი, რომლის ბინებიც ნაწილობრივ ათვისებულია.
2019 წელს “მწვანე ალტერნატივის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში რიგი პრობლემებია ჩამოთვლილი, რომელიც უშუალოდ ამ უბანს ეხება. მათ შორის, წერია, რომ ადგილობრივებს გრაფიკით მიეწოდებათ დასალევად უვარგისი წყალი. ასევე, ჰაერი დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საშიშია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჭიათურაში მოიპოვებენ მანგანუმს, მათ შორის, ღია კარიერული წესითაც. მიუხედავად იმისა, რომ ფანცულაიას ქუჩაზე უშუალოდ მოპოვება არ ხდება, “ჯორჯიან მანგანეზისა” და მისი ქვეკონტრაქტორების სატვირთო მანქანები მაინც გადაადგილდებიან. სახეზეა ქაოტურად დაყრილი ნარჩენებიც, რაც მოსახლეობას იძულებულს ხდის, რომ ტერიტორია დატოვონ,”- ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის კვლევაში.
https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2684959345112832