ISFED -მა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა

577

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტი გამოაქვეყნა. დოკუმენტში მიმოხილულია საარჩევნო კანონმდებლობის, პოლიტიკური და მედია პლურალიზმის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება, ასევე ის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის ივლისამდე განვითარდა.

ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის არჩევნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური გარემო განსაკუთრებით დაძაბული და პოლარიზებულია.

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ აღნიშნავენ, 2020 წლის არჩევნები მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასზე გავლენას მოახდენს კორონავირუსული ინფექცია COVID-19 და მისი გავრცელებით შექმნილი რისკები. შესაბამისად, მათი შეფასებით, ვირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, ასეთი რისკების არსებობის შემთხვევაში, საჭირო იქნება გარკვეული უსაფრთხოების ზომების მიღება და ამომრჩეველთა შესაბამისი ინფორმირება.

„მედია გარემო მკვეთრად შეცვალა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ და აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებმა. გაძლიერდა განცდა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით. საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პრინციპულად მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა შეძლონ მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციის მიღება მედიის საშუალებით. მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარება და მაუწყებელთა საქმიანობაში ნებისმიერი არამართლზომიერი ჩარევის აღკვეთა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალური მედია საარჩევნო პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი იქნება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა და შემდგომმა პერიოდმა ცხადყო, რომ „ფეისბუქი“ არამხოლოდ პოლიტიკური აქტორების მხრიდან საკუთარი პროგრამებისა და იდეების გასავრცელებლად ან დისკუსიისთვის, არამედ პოლიტიკური დისკრედიტაციის მიზნითაც გამოიყენება – დეზინფორმაციისა და სხვადასხვა დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელების გზით, რასაც ორგანიზებული და მიზანმიმართული ხასიათი აქვს. მართალია, „ფეისბუქის“ მიერ პლატფორმაზე ანგარიშების წაშლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საინფორმაციო სივრცის განტვირთვაში, თუმცა ამ ღონისძიებას დროებითი ეფექტი აქვს და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისთვის პლატფორმის ბოროტად გამოყენება კვლავ გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ წარმოადგინა რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პოლიტიკური პარტიებისთვის, კერძოდ: 

საქართველოს ხელისუფლებას

  • მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საკნონმდებლო ცვლილებების მიღება, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნას;
  • COVID-19-ის არსებობით გამოწვეული რისკების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. აუცილებელია, ნებისიერი საკანონმდებლო ცვლილება და დაწესებული რეგულაცია იყოს ზომიერი და არსებული რისკის პროპორციული, რომ არ მოხდეს საარჩევნო უფლების გაუმართლებლად შეზღუდვა;
  • მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მედია ორგანიზაციების თავისუფალ და მიუკერძოებელ საქმიანობას. დაუშვებელია მოხდეს ნებისმიერი ფორმით ჩარევა მაუწყებლის საქმიანობაში და მისი დამოუკიდებლობის გარანტიების შეზღუდვა. 

საარჩევნო ადმინისტრაციას

  • საარჩევნო ადმინისტრაციამ მისი კომპეტენციის ფარგლებში ეფექტური ზომები უნდა განახორციელოს COVID-19-დან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მაქსიმალურად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზაცია უსაფრთხო და სამართლიან გარემოში;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული წევრებით დაკომპლექტებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი შერჩევა ობიექტური და გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდეს. ამ პროცესში კიდევ უფრო იზრდება ცესკოს როლი, ხელი შეუწყოს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი  გარემოს ფორმირებას;
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტური რეაგირება უნდა მოახდინოს დავებზე და გადაწყვეტილება საქმის გარემობების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიიღოს, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ფორმალური და ზედაპირული კრიტერიუმების არსებობას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს

  • არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება აუდიტის სამსახურის მანდატი საარჩევნო მიზნებით პოლიტიკური დაფინანსებისა და ხარჯების თვალსაზრისით, ასევე სოციალურ ქსელებში განთავსებული პოლიტიკური რეკლამების და საარჩევნო მიზნით გაწეული ხარჯების მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე.  გასული არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოციალური მედიის პლატფორმებზე და განსაკუთრებით Facebook-ზე საარჩევნო რეკლამისა თუ საწინააღმდეგო აგიტაციის მიზნით დახარჯული თანხების ოდენობის და წარმომავლობის დადგენა. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეფექტური და დროული რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, რათა ეს ხარჯები არ დარჩეს აუდიტის სამსახურის კონტროლის მიღმა.

პოლიტიკურ პარტიებს

  • პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა არ უნდა გამოიყენონ ანონიმური კამპანიები, რომელიც მიმართულია ოპონენტების, მედიასაშუალებებისა და არჩევნებში ჩართული სხვა აქტორების დისკრედიტაციისკენ.

გაეცანით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დოკუმენტსამ ბმულზე.