“გიდები ქოლგებით”, “ჩვენ ვარსებობთ ტურიზმით!”- ამ დევიზით შეიკრიბნენ გიდები ქუთაისში. ტურისტული სეგმენტის წარმომადგენლები უნგრელი კოლეგების მიერ, ფეისბუკის საშუალებით, სპონტანურად, დაგეგმილ ფლეშმობს გამოეხმაურნენ, რითაც შეეცადნენ კოვიდ-19-ს გამო შეჩერებული მსოფლიო ტურიზმი აქციით სიმბოლურად გამოაცოცხლონ. ინფორმაციას ნეუპრესი ავრცელებს.
“ოქროს ჩარდახთან” გამართული ფლეშმობ-აქციის მიზანია, მიიქციონ სახელმწიფოს ყურადღება, ხელი შეუწყონ შიდატურიზმის გააქტიურებას და გიდის როლის მნიშვნელობა აჩვენონ ხალხს და ქვეყანას. მათი თქმით, ტურიზმი აბსტრაქტული სიტყვა არაა, რომ ტურიზმში, ათასობით და ასიათასობით ადამიანია დასაქმებული, ტურიზმის შეჩერებამ კი, უამრავი პროფესიონალი და მათი ოჯახები დატოვა შემოსავლების გარეშე და თან, სრულიად გაურკვეველი ვადით.
აქციის ორგანიზატორების თქმით, პანდემიის დროს დაზარალებული გიდების დახმარება სახელმწიფომ სათანადოდ ვერ მოახერხა.
“გიდი ტურიზმის განუყოფელი ნაწილია და პანდემიის დროს ათასობით გიდი დარჩა უმუშევარი. სახელმწიფო სათანადოდ ვერ დაეხმარა მათ, ზოგს ერთჯერადი დახმარებაც არ მიუღია. შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ გიდები არსებობენ და მათ ჭირდებათ მუშაობა. შიდატურიზმი აღსდგა და მნიშვნელოვანია, მის განვითარებაში დაინახონ გიდის მნიშვნელობა”, – განაცხადეს გიდებმა.
გიდების აქცია ქოლგებით რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა. აქცია ქოლგებით იმ მიზეზით დაიგეგმა, რომ გიდები ნებისმიერ ამინდში, წვიმაშიც და მზეშიც მუშაობენ. ქოლგა ზოგადად, გიდის მზრუნველობის სიმბოლოა.