“ღია საზოგადოების ფონდი“ ეხმაურება სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვას, მხარდაჭერას უცხადებს და უერთდება მათ სამართლიან მოთხოვნებს.
“ღია საზოგადოების ფონდის“ ინფორმაციით, სოციალური აგენტების მძიმე შრომითი პირობები და ყოფა პირველ რიგში აისახება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენის ყოველდღიურობაზე. სოციალური აგენტების გაფიცვა დააზარალებს, ქვეყანაში არსებულ ისედაც ყველაზე დაზარალებულ ადამიანთა ჯგუფს.
„შემაშფოთებელია სოციალური აგენტების განცხადებები წლების განმავლობაში გამოუსწორებელი, უმძიმესი შრომითი პირობების შესახებ; ფიქსირებული ხელფასის(80 ლარი) საარსებო მინიმუმთან შეუსაბამობა, ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები, სატრანსპორტო ხარჯების აუნაზღაურებლობა და სხვა საკითხები, საპროტესტო განწყობების შექმნამდე, ვერ გახდა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ყურადღების საგანი; სამინისტროს მხრიდან დასახელებული ტექნიკური მიზეზების გამო, დავის მოსაგვარებლად ამ დრომდე არ არის დანიშნული მედიატორი; ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მინისტრის მოადგილის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისთვის არავის მიუმართავს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით, ასევე ის ფაქტი, რომ ცალკეულ სოციალურ აგენტებთან, დახურულ კარს მიღმა და პროფკავშირის ჩართულობის გარეშე შედგა შეხვედრა, რომლის შინაარსი, სოციალური აგენტების უმრავლესობისთვის, ცნობილი არ არის.
სოციალური აგენტების მძიმე შრომითი პირობები და ყოფა პირველ რიგში აისახება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენის ყოველდღიურობაზე. სოციალური აგენტების გაფიცვა დააზარალებს, ქვეყანაში არსებულ ისედაც ყველაზე დაზარალებულ ადამიანთა ჯგუფს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებითია, სამინისტრომ დროულად დანიშნოს მედიატორი კოლექტიურ დავაზე, სამედიაციო პროცესში ჩართოს ყველა სოციალური აგენტი და მათი პროფკავშირი და უზრუნველყოს სოციალური აგენტების მოთხოვნების დაუყოვნებელი დაკმაყოფილება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.