გორის მერის წარმომადგენელი: ხურვალეთში წყალი რამდენიმე დღეში დაიწმინდება

822

“სასმელი წყალი, რომლისთვისაც ათასობით თანხა დაიხარჯა, დასალევად უვარგისია”, – ამბობენ ხურვალეთში. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, პრაქტიკულად უწყლოდ არიან.

“ჯერ ძალიან ცოტა მოდის, ჭურჭელში ვაგროვებთ, მაგრამ ისიც უვარგისია. მღვრიე წყალია და ალბათ ათასი ბაქტერიითაა სავსე. ხუთი წლის განმავლობაში მოუგვარებელი იყო სასმელი წყლის პრობლემა. ახლა ზოგი ყიდულობს წყალს, ზოგიც წვიმას ელოდება და შემდეგ ფილტრავს”, – ამბობს ლიდა სალია.

მერის წარმომადგენელი შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში, როინ ადიკაშვილი ამბობს, რომ  წყლის ჭაბურღილი რამდენიმე დღის წინ გაიწმინდა და წყლის დაწმენდას დრო სჭირდება.

“ორი დღის წინ გაიწმინდა ჭაბურღილი და ჯერ დრო სჭირდება, ეგრევე სუფთა წყალი ვერ წამოვა. ასე იცის ხოლმე თავიდან. ჯერ არც მრიცხველების ჩვენებები აუღიათ და გადასახადის დაანგარიშება არ მომხდარა”, – ამბობს როინ ადიკაშვილი.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მოსახლეობას მღვრიე და დაბინძურებული წყალი მიეწოდება – შესაბამისი ფოტო-მასალა რადიო “მოზაიკას” ადგილობრივებმა მიაწოდეს.

როგორც ისინი ამბობენ, წყალი სასმელად უვარგისია და ვერც საყოფაცხოვრები მიზნებისთვის იყენებენ.