გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება

429

გორის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება.

მათი ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ზედა რუს საირიგაციო სისტემის ძირითადი სამელიორაციო მაგისტრალის რეაბილიტაციის პროექტის ბოლო ვერსიას ვარიანისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულებში მცხოვრები მოსახლეობა დღეს გაეცნო.

„შეხვედრას უძღვებოდნენ წყალმომხმარებელთა საინიციატივო ჯგუფების-საბჭოების წევრები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაციის“, მსოფლიო ბანკის პროექტისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ მოქალაქეების ყველა კითხვას უპასუხეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„სისტემა სარწყავი წყლით ძირითადად ვარიანისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების სავარგულებს უზრუნველყოფს. პროექტის ავტორები დოკუმენტის მომზადების პროცესში აქტიურად თანამშრომლობდნენ, როგორც გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან. სამუშაოებს, რომლის დასრულების შემდეგ 2 300 ჰექტრამდე ფართობს გასარწყავიანების პრობლემა აღარ ექნება, მსოფლიო ბანკი დააფინანსებს“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გორის მერის პირველმა მოადგილემ ერასტი ელიჯარაშვილმა.