პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მორიგი პროფესიული კოლეჯი ქალაქ ხაშურში შენდება. ამ დროისთვის მშენებლობა საწყის ეტაპზეა.
150 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო საგანმანთლებლო სტანდარტებთან. შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულ შენობაში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სასწავლო სივრცეები, მათ შორის მაღალ ტექნოლოგიური სახელოსნოები.
გარდა სასწავლო კორპუსისა, სასწავლებლის ეზოში განთავსდება თანამედროვე სტანდარტის ღია სპორტული მოედანი.
კოლეჯში შესაძლებელი იქნება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული ისეთი პროფესიების დაუფლება, როგორიცაა: ელექტროობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, შედუღება, იატაკის მოპირკეთება, ქვის სამუშაოების წარმოება, კულინარია, კონდიტერია, ვეტერინარია, მეფუტკრეობა, მებაღეობა, სატყეო საქმე და სხვ.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნო დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს.