თქვენ გაიხსენეთ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დრო, როდესაც ჩვენ რეგიონებში დავდიოდით და რეგიონების განვითარების გეგმებს ვადგენდით. ვუყურებდით რესურსულ ბაზებს და ყველა რეგიონში გვქონდა პრეზენტაციები. ეს ყველაფერი შენახულია, გადაცემულია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მაგრამ ეს იყო მთავრობის ადმინისტრაციის და მთავრობის მეთაურის ინიციატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, რეგიონული განვითარების 2021-2022 წლების პროგრამა დამტკიცებულია და ამ თემაზე განხილვა პარლამენტშიც მიმდინარეობდა.
„სისტემურად ამ ყველაფერს არეგულირებს რეგიონალური განვითარების პროგრამა, რომელიც არსებობს და დამტკიცებულია. მე როგორც ვიცი პარლამენტშიც იყო ამაზე განხილვა, 2021-2022 წლების და იქ ეს ყველაფერი ასახულია. ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების ჩარჩო არსებობს, თუ დამატებით რაღაც გასაკეთებელია, თქვენს წინადადებებს გავითვალისწინებთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
არლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საქართველოს პრემიერმინისტრს ჰკითხა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას დაანონსდა და დაიწყო რეგიონული პრიორიტეტების დოკუმენტის წერა, თუმცა, მას შემდეგ ამ დოკუმენტზე არაფერი ვიცით.
„უმუშევრობის დაძლევის კუთხით სხვადასხვა ბიზნესებს სხვადასხვა პროგრამებით ვეხმარებით, ეს ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – არა. მაგრამ მინდა ვისაუბროთ ფრონტოფისებზე. რამდენადაც ვიცი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია რეგიონების დონეზე პრიორიტეტების განსაზღვრა. მე მახსოვს, რომ როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერმინისტრი, მაშინ კეთდებოდა რეგიონალური პრიორიტეტების დოკუმენტი, მერე ის გადადგა და მას შემდეგ ყველა ეკონომიკის მინისტრს ვეკითხები – ხომ არაფერი გაგიგიათ ამ დოკუმენტის შესახებ მაშინ რომ დაიწყოთქო. დიდი ენთუზიაზმი არასდროს არ ჩანს.
ჩვენთან ეკონომიკის მინისტრების ცვლილების ტემპი და ამ დოკუმენტის მომზადების თემა განსხვავებულია ერთმანეთისგან, რადგან ამას დიდი კვლევები უნდა. მესმის, რომ ადვილი არ არის, მაგრამ ამ ფრონტოფისების წარმატებულობა ზუსტად არის დამოკიდებული მსგავს დოკუმენტზე. ჩემი შეკითხვა ასეთია: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფრონტოფიესები სიღარიბესთან ბრძოლის ამ გამოწვევას შეხვდებიან კონკრეტული კვლევით და დოკუმენტით, რომელსაც რეგიონების დონეზე პრიორტეტები ჰქვია?“, – თქვა კაკულიამ.