კაკულია: ღარიბაშვილის პრემიერობისას დაანონსდა და დაიწყო რეგიონული პრიორიტეტების დოკუმენტის წერა, თუმცა მას შემდეგ ამ დოკუმენტზე არაფერი ვიცით

656

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საქართველოს პრემიერმინისტრს ორი შეკითხვით მიმართა, მათგან ერთი დასაქმების პრობლემას ეხებოდა ქვეყანაში, ხოლო მეორე რეგიონების პრიორიტეტების დოკუმენტს.

„ყველა შევთანხმდით, რომ თქვენ კარგად გაართვით თავი ეკონომიკურ გამოწვევებს, მაგრამ ახლა ჩვენ ვართ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც გვაქვს მზარდი ფასები და შემცირებადი შემოსავლები. ბევრი რამ ვიცი, თუ რას ვაპირებთ ეკონომიკასთან და ბიზნესთან მიმართებაში, მაგრამ მე მინდა გკითხოთ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე. მათ აქვთ ორი გზა, ერთი მიმართულია სოციალური დაცვისკენ და ხომ არ ფიქრობთ, რომ სოციალური დაცვის ის ქოლგა, რომელშიც შედის უმუშევარი ადამიანი, საჭიროებს გადახედვას, რათა უფრო მომზადებული დავხვდეთ გამოწვევებს სამომავლოდ?“, – მიმართა პრემიერს რომან კაკულიამ.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, კაკულიამ გაიხსენა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობის დროს დააანონსა და დაიწყო რეგიონული პრიორიტეტების დოკუმენტის წერა, თუმცა დეპუტატის თქმით, მას შემდეგ ამ დოკუმენტზე არაფერი იცის.

„უმუშევრობის დაძლევის კუთხით სხვადასხვა ბიზნესებს სხვადასხვა პროგრამებით ვეხმარებით, ეს ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას – არა. მაგრამ მინდა ვისაუბროთ ფრონტოფისებზე. რამდენადაც ვიცი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია რეგიონების დონეზე პრიორიტეტების განსაზღვრა. მე მახსოვს, რომ როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ კეთდებოდა რეგიონალური პრიორიტეტების დოკუმენტი, მერე ის გადადგა და მას შემდეგ ყველა ეკონომიკის მინისტრს ვეკითხები – ხომ არაფერი გაგიგიათ ამ დოკუმენტის შესახებ მაშინ რომ დაიწყოთქო. დიდი ენთუზიაზმი არასდროს არ ჩანს.

ჩვენთან ეკონომიკის მინისტრების ცვლილების ტემპი და ამ დოკუმენტის მომზადების თემა განსხვავებულია ერთმანეთისგან, რადგან ამას დიდი კვლევები უნდა. მესმის, რომ ადვილი არ არის, მაგრამ ამ ფრონტოფისების წარმატებულობა ზუსტად არის დამოკიდებული მსგავს დოკუმენტზე. ჩემი შეკითხვა ასეთია: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფრონტოფიესები სიღარიბესთან ბრძოლის ამ გამოწვევას შეხვდებიან კონკრეტული კვლევით და დოკუმენტით, რომელსაც რეგიონების დონეზე პრიორტეტები ჰქვია?“, – თქვა კაკულიამ.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სოფლის მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამების სისტემა იცვლება და რეგიონებში ე.წ. ფრონტოფისები ამოქმედდება.