ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატი: მოსახლეობა მუნიციპალურ პროგრამებზე თვითმმართველობისგან ინფორმირებული არ არის

773

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის მიზნით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 

„მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრაზე ეს საკითხი გამოიკვეთა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მოსახლეობის ნაწილს არ აქვს ინფორმაცია, თუ რომელი მუნიციპალური პროგრამებით შეუძლია ისარგებლოს, ვის მიმართოს და როგორ. სოფლის ხელმძღვანელების მხრიდან მეტი აქტიურობა და პასუხისმგებლობაა საჭირო. ეს პრობლემა კორონავირუსის პანდემიის პირობებში მეტად გამოიკვეთა.

მონიტორინგის ჯგუფში საკრებულოს ყველა ფრაქციისა და კომისიის წევრები არიან გაერთიანებული. ამ ჯგუფის გადაწყვეტილებით, ამჯერად უმჯობესია, მოსახლეობას ერთჯერადი ფინანსური დახმარება აღმოვუჩინოთ და ამ მიმართულებით ბიუჯეტში განსაზღვრული თანხა გაიზარდოს.

პანდემიის დროს, როცა ტრანსპორტი არ მოძრაობდა, უმთავრესად მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის საკვები პროდუქტების მიტანა მივიჩნიეთ. ახლა მოქალაქეებს ფულადი დახმარებით შევეხიდებით და ისინი თავად გადაწყვეტენ, საკვები იყიდონ, წამალი თუ სხვა რამ.

მონიტორინგის ჯგუფის წევრების ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არიან ოჯახები, რომლებსაც უჭირთ და იმ ბენეფიციართა რიცხვში ვერ მოხვდნენ, ვისაც ადგილობრივი ხელისუფლება საკვები პროდუქტებით დაეხმარა.

მონიტორინგის ჯგუფმა მერიის შესაბამის სამსახურებს სთხოვა, რომ ასეთი ოჯახების საჭიროებები და სოციალური მდგომარეობა შეისწავლონ და შესაბამისი დახმარება გაუწიონ.

ერთჯერადი სოციალური დახმარების მუხლში თანხა 15 ათასი ლარით იზრდება. ამ საკითხზე საბიუჯეტო ცვლილებს უახლოეს დღეებში განვიხილავთ“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.