საჯარო მმართველობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საჯარო სექტორის ეფექტურობის მისაღწევად. ამ მიმართულებით დაინერგა პოლიტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის შეფასების მარეგულირებელი ჩარჩო და დამტკიცდა დეცენტრალიზაციის სტრატეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესის დელეგირება ადგილებზე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და “გასაგებია, რომ შეიძლება ადგილზე კომპეტენციის პრობლემები გვაქვს, მაგრამ ესეც უნდა გადავიტანოთ. ამასაც უნდა მოვერიოთ, ამასაც დრო დასჭირდება და ეს კომპეტენციაც გაიზრდება”.
“გადავდივარ ჩვენს მეოთხე და ასევე უკიდურესად მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომელიც ეხება სახელმწიფო მმართველობის სისტემას. ეფექტური სახელმწიფო მმართველობის სისტემა და მისი ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო აპარატმა, ჩვენმა სახელმწიფო მოხელემ, მთლიანად ხელისუფლებამ, შეძლოს ყველა ის რესურსი და რეფორმირებული ინსტიტუცია ეფექტურად და სწრაფად მიიტანოს ჩვენს მოქალაქემდე, რომ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სახელმწიფო სერვისი, რომელსაც დღეს სახელმწიფო სთავაზობს თითოეულ მოქალაქეს.
ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სექტორზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური და ეფექტური საჯარო სექტორი არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ყველა ის მიღწევა, რომელიც გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ ან ისტიტუციონალურ დონეზე, სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად მივიტანოთ თითოელ მოქალაქემდე.
ამიტომ საჯარო მმართველობა არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საჯარო სექტორის ეფექტურობის მისაღწევად. ამ მიმართულებით დაინერგა პოლიტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის შეფასების მარეგულირებელი ჩარჩო და დამტკიცდა დეცენტრალიზაციის სტრატეგია 25 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივი მმართველობა ქვეყნისთვის არის პრიორიტეტი და გადაწყვეტილების მიღების პროცესის დელეგირება ადგილებზე არის ფუნდამენტური, სტრუქტურული შემადგენელი საერთოდ საჯარო მმართველობის და ჩვენი მმართველობითი სისტემის შემდგომი რეფორმირებისთვის. გასაგებია, რომ შეიძლება ადგილზე კომპეტენციის პრობლემები გვაქვს, მაგრამ ესეც უნდა გადავიტანოთ, ამასაც უნდა მოვერიოთ. ამასაც დრო დასჭირდება და ეს კომპეტენციაც გაიზრდება,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.