ქედაში მონაწილეობით ბიუჯეტთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

110

მონაწილეობით ბიუჯეტთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტში ტრენინგები გაიმართა. შეხვედრები როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შორისაც მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას kvira.ge ავრცელებს. 

იდეა მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის კუთხით 2018 წელს გაჩნდა. ამ თვალსაზრისით, ქედა უნდა ყოფილიყო საპილოტე მუნიციპალიტეტებს შორის. პროექტის ფარგლებში, გერმანიის, უკრაინისა და პოლონეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამოცდილების გაზიარების მიზნით გასვლითი ვიზიტები განხორციელდა. ქედის მოდული – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში“ პოლონურ მოდულთანაა ახლოს.

,,2020 წლიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გვაქვს სიახლე, რასაც “სამოქალაქო ბიუჯეტი” ქვია. პროექტი გულისხმობს მოსახლეობის პორდაპირ ჩართულობას გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში. მიმდინარე წელს საპილოტედ ავირჩიეთ დაბა ქედა და დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეული. აქ შეიძლება, დაფინანსდეს ყველა ის იდეა, რაც ჩვენს მოსახლეობას ტერიტორიულ არეალში აქვს. ეს არ უნდა იყოს კომერციული ტიპის ღონისძიება, ეს უნდა იყოს მუნიციპალური კომპეტენცია. შეხვედრები ამ მიმართულებით გრძელდება, ხოლო პირველი ივლისიდან დავიწყებთ იდეების რეგისტრაციას. ამის შემდეგ იქნება შერჩევა  ჩვენი საბჭოს მიერ და იდეის ავტორებთან ერთად გავალთ მოსახლეობასთან. სამიდან ოთხ დღემდე ხმის მიცემის პროცედურა იგეგმება. ვფიქრობ, რომ დაბის მოსახლეობისთვის ეს დიდი შესაძლებლობაა“, – განაცხადა ქედის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ჯემალ ტაკიძემ.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის 300 000 ლარი დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულსა (ჭინკაძეები, ჭალახმელა, დოლოგანი ) და დაბა ქედაში გამოყო. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.