მედიაკოალიცია კალაძის ინიციატივაზე: არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია

698

წინა სტატია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები, თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის „ფეიკ ნიუსებთან“ დაკავშირებულ ინიციატივას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ „მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს”.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.

“კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.

მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა.

განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.

თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები”,- წერია განცხადებაში.

თბილისის მერმა ფეიკნიუსებთან ბრძოლის პროექტი დააანონსა, ამასთან, საკუთარი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პოსტერიც გამოაქვეყნა. კალაძის თქმით, ამ ტიპის ფეისბუკის პირდაპირ ეთერებს ექნება პერმანენტული ხასიათი.