ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი — კახა კალაძე ფეიკნიუსთან ბრძოლას იწყებს

840

25 ივნისიდან, თბილისის მერი, კახა კალაძე ფეიკნიუსის წინააღმდეგ ვიდეოჩართვებს იწყებს. მისი თქმით, ყველას, ვინც მერიისა და მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, “ცხვირ-პირში სიმართლის მუშტი მოხვდებათ”.

როგორც კალაძე ამბობს, რადგან არჩევნები ახლოვდება, პოლიტიკოსებსა და მედიასაშუალებებში ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებამ იმატა და სწორედ ამიტომ, აპირებს, რომ მათ “არგუმენტირებულად” და “რაციონალურად” უპასუხოს.

მერის თქმით, 25 ივნისს, 22:00 საათზე საზოგადოებას მიაწვდიან „სწორ ინფორმაციას იმ სიცრუეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად მისი მისამართით ისმის“.

“ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, სამწუხაროდ, თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედიასაშუალებებით. ასე, რომ ვიწყებთ, თითოეულ ფეიკბრალდებაზე, რაც არ უნდა სისულელე იყოს, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ, რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში”, — განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პირველი ვიდეოჩართვა, 25 ივნისს, 22:00 საათზე იქნება.

„22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეოჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული განცხადებებით ჩვენ ამ ყველაფერს მივაწვდით მოსახლეობას.

რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად, ჩემი თანაგუნდელებისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მამოძრავებელი არის, რომ ჩვენ ვართ დაკავებული ჩვენი საქმიანობით და 24-საათიან რეჟიმში ვზრუნავთ იმაზე, თუ რა პროექტები გაკეთდეს, როგორ გამოსწორდეს პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს დედაქალაქში. ვხვდებით, რომ არჩევნები ახლოვდება და ეს კონკრეტული პოლიტიკოსები თუ მათი ტელევიზიები, ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, რაშიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ხელს შევუშლით და ამის შესაძლებლობას მათ არ მივცემთ… ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი. ასე რომ, დაელოდეთ 22:00 საათზე იქნება პირველი გადაცემა, რომელიც საკმაოდ საინტერესო იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.