მთავრობის სხდომაზე სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის 2 მექანიზმი დამტკიცდა

948

მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის კონკრეტული მექანიზმები დაამტკიცა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას განმარტებით, საუბარი სამშენებლო სფეროს დახმარების გეგმას ეხება.

კერძოდ დამტკიცდა სახელმწიფო პროგრამა იპოთეკური სესხების მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც განახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. პროგრამა ახალაშენებული ბინის შეძენის მსურველისთვის იპოთეკური სესხის უზრუნველყოფას და თანაუზრუნველყოფაში ჩადგომას ითვალისწინებს. პროგრამაში მონაწილე მყიდველებისთვის სპეციალური კრიტერიუმებია გათვალისწინებული. ასევე დამტკიცდა მეორე მექანიზმი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ღია და გამჭვირვალე კონკურსის მეშვეობით მისცემს სამშენებლო კომპანიებს იმის გარანტიას, რომ მათი ფართების არაუმეტეს 30%-ს შეისყიდის იმ შემთხვევაში, თუ ისინი მშენებლობის დასრულებას შეძლებენ.

„ეს ორი პროგრამა დამტკიცდა და პრაქტიკულად უკვე შემდეგი კვირიდან როგორც ბინის შეძენის მსურველ ადამიანებს, ახალ აშენებულ ბინებზეა საუბარი, ასევე დეველოპერულ და სამშენებლო კომპანიებს შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და შემდეგ უკვე ჩვენს შესაბამის სააგენტოებს“, – განაცხადა მინისტრმა.