წარმოადგინეს სხვა პარკინგი, თითქოს ეს იყო ის სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ორბელიანის მოედანთან მიწისქვეშა სადგომის დატბორვის ფაქტს გამოეხმაურა.
კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ბრალდებები უარყო. საქმე ეხება სიუჟეტში გასულ ინფორმაციას, რომ ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციიდან 1 წლის შემდეგ მიწისქვეშა საპარკინგე ადგილი დაიტბორა.
კახა კალაძის ინფორმაციით, სიუჟეტში ნაჩვენები ადგილი კერძო საკუთრებას წარმოდგენს და ის „პირიმზე პლაზას” ეკუთვნის.
მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტს თავადაც მიაწოდა, თუმცა არხმა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა მაინც სცადა. დედაქალაქის მერი ასევე განმარტავს, რომ „პირიმზე პლაზასთან” აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, რათა მათ საპარკინგე ადგილი მოაწესრიგონ.
„წარმოადგინეს სხვა პარკინგი, თითქოს ეს იყო ის სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა და დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ვუთხარი, ეშლებოდათ, სიუჟეტი ისე გააკეთეს, როგორც სჩვევიათ და შეეცადნენ, მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ. ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა პარკინგზე, რომელიც არის კერძო საკუთრება. ესაა პირიმზის საკუთარი მიწისქვეშა პარკინგი.
ის, რომ პარკინგი ასეთ მდგომარეობაშია, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ იგეგმება მისი რეაბილიტაციაც. ჩვენ არაერთხელ გვქონდა კომუნიკაცია და უახლოეს მომავალში ასეც იქნება განახლებული და მოწესრიგებული არა მუნიციპალიტეტის თანხით, არამედ ვისი საკუთრებაცაა მათი თანხით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ფაქტს „თბილისის განვითარების ფონდიც“ გამოეხმაურა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კერძო პარკინგისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ დახარჯულა და ეს ინფორმაცია საჯაროა.
„ორბელიანის მოედნის არეალის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა აწარმოა. მოეწყო ახალი საპრკინგე სივრცე, აქ ასევე იყო არსებული შენობის კერძო საპარკინგე სივრცე. უბრალოდ მოხდა მათი გაერთიანება და იქ ფონდს სამუშაოები არ უწარმოებია. არსებობს ხელშეკრულება, არსებობს ცალკე შესრულებული სამუშაოები, რომლებიც ფაქტობრივი დანახარჯის ექსპერტიზითაა და საჯარო დოკუმენტაციაა, რომ ენახათ მიხვდებოდნენ, ფონდს ამასთან კავშირი არ ჰქონდა. როცა კერძო საკუთრებაა, რომელიც არის კომერციული ფუნქციით დატვირთული არაა მიზანშეწონილი, რომ ამ ნაწილზე საბიუჯეტო სახსრები დაიხარჯოს”, – განაცხადა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, სანდრო ტოგონიძემ.