ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად მიმართულია იმ 20 ათასი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელსაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„მშენებლობის ანტიკრიზისული გეგმის, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, პირველი ნაბიჯები სამთავრობო დონეზე დღეს იქნება მიღებული. აქ ყველაზე მნშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ პროცენტს 5 წლის განმავლობაში. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, განახორციელონ. გარდა ამისა, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად მიმართულია იმ 20 ათასი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელსაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი. ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს“, – განაცხადა გახარიამ.