გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ადგილობრივები სიჩქარის შემზღუდველის ე.წ “მწოლიარე პოლიციელის” დამონტაჟებას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მოსახლეობას აღნიშნული ბარიერის განთავსება სოფლის ცენტრში, სუპერმარკეტის “მაგნიტი” მიმდებარედ სურს. მათი თქმით, დღის განმავლობაში გზის ამ მონაკვეთზე ავტომანქანები ინტენსიურად გადაადგილდებიან, რაც საფრთხის შემცველია.
“ამ ადგილას ხშირად ხდება ავარიები, რამდენიმე დღის წინაც იყო შემთხვევა, ადამიანი დაშავდა. სანამ ცუდი შედეგი დადგება, მანამდე კარგი იქნება მიიღონ ზომები. ხელმოწერებიც შევაგროვეთ და ადგილობრივ წარმომადგენელს გადავეცით, ველოდებით რეაგირებას”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, გიგა გიგოლაშვილი.
მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, ლექსო ბუჯიაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში აღნიშნული საკითხი გადაწყდება და შესაბამისი ორგანოს ნებართვით, სოფლის ცენტრში ხელოვნური ბარიერი განთავსდება.
“ამ დღეებში ველოდებით პასუხს, შესაბამის უწყებას მივმართავთ თხოვნით, თუკი გადაწყდება რომ ამ მონაკვეთზე “მწოლიარე პოლიციელის” განთავსებაა საჭირო, აუცილებლად ასეც მოხდება. უახლოეს მომავალში პასუხი გვეცოდინება”, – ამბობს ლექსო ბუჯიაშვილი.
ინფორმაციისთვის, მეჯვრისხევში სოფლის მთავრი გზაზე არაერთი სავაჭრო და კომერციული ობიექტია განთავსებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბოლო დროს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვმა იმატა და შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია.