ახალი კორონავირუსის გამო, საარჩევნო კოდექსში რამდენიმე ცვლილება შევა

1156

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის  განცხადებით, კორონავირუსის გამო, საპარლამენტო არჩევნებზე უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე დღეს სამსაათიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„დღეს გვქონდა სამსაათიანი სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობასთან, ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან არჩევნების დროს კოვიდინფექციისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ამ პრობლემის მართვის საკითხზე. განვიხილეთ ის ძირითადი თემები, რომლებიც დგება დღის წესრიგში. ეს არის მაგალითად, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ვთქვათ კარანტინში მყოფი პირების მონაწილეობა კენჭისყრაში, ხმის მიცემის უფლება. რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე, პირბადის გამოყენება, ხელების დამუშავება თუ უსაფრთხოების სხვა ზომები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომელთა ასახვაც მოხდება კანონმდებლობაში.

„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარებას. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, ვინაიდან ძირითად ამოცანებზე და მათი გადაჭრის გზებზე ამ საწყის ეტაპზე უკვე გამოჩნდა თანამშრომლობის სურვილი. გამოჩნდა ის, რომ პრაქტიკულად ყველა მხარე იზიარებს ამ პრობლემებს, მისი გადაჭრის პრინციპებს, ამიტომ ჩვენ ამ რეგულაციებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ საკუთარი საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას, მის დაცულობას და მის ჩატარებას თავისუფალ გარემოში. ეს რეგულაციები იქნება იმდენად მინიმალური, რამდენადაც ის უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დაცვას და მეორე მხრივ, არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას. ამისთვის ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია, ამისთვის ემზადება მთავრობა და ჩვენც, როგორც საქართველოს პარლამენტი, ამას შევუქმნით საკანონმდებლო უზრუნველყოფას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან დაბალია.

„იდენტიფიცირებულია მათი წარმოშობაც. ეს არის ძირითადად იმპორტირებული შემთხვევები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული კონტროლი საზღვრებზე და შემოსულ პირთა მიმართ, განსაკუთრებით ეს ეხება გადამზიდი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, არის ადეკვატური. ასევე ფართოვდება ტესტირების ჯგუფები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი გუშინ უყარეს. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევენ.