გორის სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაცია იწყება

600

გორის მუნიციპალიტეტის 12 სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაცია დაიწყება. ამისთვის გორის მერია მომსახურებას პირდაპირი შესყიდვით განახორციელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები ჩატარდება: არბოს; ახალდაბის; ახრისის; ვარიანის; ორთაშენის; სვენეთის; სობისის; ფლავის; ქვემო ხვითის; ქიწნისის; ყელქცეულის და ქ. გორში N7 საჯარო სკოლების შენობებში.

“ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდა საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების პრიორიტეტების გადაფასება კერძოდ; დადგა საკითხი ყველა საჯარო სკოლის სანიტარული კვანძების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისა, აქედან გამომდინარე შედარებით გვიან მოხდა აღნიშნული სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება”,-აცხადებენ გორის მერიაში.

უწყების ინფორმაციით, იმის გამო რომ 2020-2021 სასწავლო წლების სწავლის პროცესი იწყება სექტემბრის პირველ ნახევარში და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული სამშენებლო სამუშაოების დასასრულებლად საჭიროა მინიმუმ 60 კალენდარული დღე, შეუძლებელი იქნება სატენდერო პროცედურების გავლით, სასწავლო წლის დაწყებამდე სამშენებლო სამუშაოების დასრულება. რაც მერიის მოსაზრებით, გამოიწვევს სასწავლო პროცესის ჩაშლას სკოლაში.

გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობას გორის მერია სწორედ ამ არგუმენტით ხსნის.