ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებენ

523

ნაძალადევის რაიონში ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 8 მისამართზე მიმდინარეობს.

გამგეობის ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი ზღვის უბნის XI მ.რ. III კვ. N47, 48 და 49 კორპუსებში ხორციელდება. N47 კორპუსის მიმდებარედ ახლით იცვლება როგორც წყალსადენის, ისე წყალარინების ქსელი, N48 და 49 კორპუსებთან კი წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

“საერთო ჯამში, სამივე კორპუსში 466 გრძივი მეტრი შიდა და გარე ქსელი შეიცვლება, ასევე, 12 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება”, – განმარტავენ გამგეობაში.

მათივე ცნობით, სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს.

„ამ პროექტით 140 ოჯახს მოუგვარდება პრობლემები. სრულად იცვლება დაზიანებული კომუნიკაციები, შემდეგი ეტაპი კი ასფალტის საფარის დაგება იქნება. კორპუსის მიმდებარედ გზა მთლიანად რეაბილიტირდება. რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.