მარნეულში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, შესაძლოა, ივლისში გაიხსნას

1021

მარნეულში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი შესაძლოა ივლისის პირველ ნახევარში გაიხსნას. საინფორმაციო ჯიხურის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის ტენდერი მარნეულის მერიამ ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაცხადა. სამუშაოები დღემდე დაუსრულებელია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

როგორც მარნეულის მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში, ელგუჯა კუპატაძე განმარტავს,  ცენტრის მოწყობა დასასრულს უახლოვდება და პროცესში როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  ასევე USAID-ის ზრდა პროექტი და ადგილობრივი თვითმმართველობა არიან ჩართული.

“ზრდაც“ გვეხმარება. აი, ზეგ მაგალითად ჟალუზები ჩამოაქვთ, ავეჯს ველოდებით, კომპიუტერები და ინტერნეტი დაგვრჩა კიდევ მოსატანი. ნაწილს ისინი აკეთებენ, ნაწილს ჩვენ. ჩვენ უნდა მოვაპირკეტოთ ჯიხური. ვნახოთ, რამდენ დროს წაიღებს ეს ყველაფერი,“ – ამბობს კუპატაძე.

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში ორი ადამიანი დასაქმდება. მათი შერჩევა უახლოეს მომავალში, სპეციალური კრიტერიუმების მეშვეობით მოხდება.

„მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ეს კრიტერიუმები დადგენილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. ჩვენ ვერ ვადგენთ, საკითხი სპეციფიკურია. იქ ენების ცოდნაა საჭირო, რაღაც მოთხოვნები აქვთ. შესაბამისად, გასაუბრებებიც მოხდება მათი ჩართულობით. შერჩეული კადრები კი დატრენინგდებიან. შეიძლება თბილისში გააგზავნონ რომელიმე ცენტრში პრაქტიკული სამუშაოებისთვის“, – თქვა ელგუჯა კუპატაძემ.

ელგუჯა კუპატაძე ამბობს, რომ მარნეულის ტურისტულ საინფორმაციო ჯიხურის მოწყობის ტენდერი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა.

„ფაქტობრივად, ინვესტიციაა, მუნიციპალიტეტს არაფერი დაუჯდა გარდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა, რომელშიც სადღაც 800 ლარი დაიხარჯა. დანარჩენი 65 000-ია თუ არ ვცდები ტურიზმის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ტენდერი და მათი დაფინანსებით კეთდება. ავეჯს, ჟალუზებს, კომპიუტერებს,ფარდებს და ა.შ ამას „ზრდა“ ყიდულობს“

მარნეულის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს საჭირო ინფორმაციით. ტენდერის მიხედვით, ცენტრი განახორციელებს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გავრცელებას. შექმნის საინფორმაციო ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზას და უზრუნველყოფს მის მუდმივ განახლებას.