უცხოური კომპანია AGT Menegment, Meslehet,Tikinti Xidmetleri MMC, რომელმაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერში 4 წლის წინ გაიმარჯვა, სამუშაოებს ჯარიმის დაკისრების ფონზე აგრძელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საუბარია ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე, რომლის რეაბილიტაციისთვისაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 6 მლნ 155 ათას 842 ლარი უნდა მიეღო. აღნიშნულ კომპანიას სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა, თუმცა ამ თარიღის გადადება საავტომობილო გზების დეპარტამენტს რამდენჯერმე მოუწია.
2018 წელს, გორის მუნიციპალიტეტის მაჯორიტარი დეპუტატი თენგიზ ხუბულური ამბობდა, რომ ადგილზე კომპანიის თანამშრომლებს არაერთხელ შეხვდა და სამუშაოების უახლოეს პერიოდში დასრულების შესახებ დაპირება მიიღო, თუმცა, ეს მონაკვეთი ამ დრომდე დაუსრულებელია და როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო “მოზაიკამ” გაარკვია, სამუშაოებს კომპანია დაჯარიმების პარალელურად აგრძელებს.
ხელშეკრულების ვადების დარღვევის შემდეგ უწყებაში ისევ ვერ აკონკრეტებენ თარიღს, თუ როდის ჩაბარდებათ ობიექტი, სადაც სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.