გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ახალგაზრდებს, ივნისის ბოლოს ახალი მინისტადიონით სარგებლობა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.
,,მინისტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით დავგეგმეთ. მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში. სოფელში ფეხბურთის ორი გუნდია, მათ შორის, გოგონების გუნდიც. იმედი მაქვს, რომ კეთილმოწყობილი სპორტული მოედანი მათ შემდგომი წარმატებების მიღწევაში დაეხმარებათ“, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ცნობისთვის, პროექტი სოფლის ახალგაზრდების ინიციატივით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში მოედნის საფარი ხელოვნური ბალახით დაიფარა, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და დიოდური განათების ახალი სისტემა, შეიცვალა ამორტიზებული ბადეები, შეიღება ლითონის კონსტრუქციები და სკამები.