მდინარაძე: თუ აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები გადაიდება

601

თუ კატასტროფული მდგომარეობა იქნება და შეუძლებელი გახდა არჩევნების ჩატარება, ან ძალიან მაღალი ვარაუდი იქნება იმისა, რომ არჩევნების ჩატარება ვირუსის გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს, კონსტიტუციითაა ეს დარეგულირებული და არჩევნები გადაიწევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, მისი გაუქმებიდან 45-დან 60 დღის ვადაში ჩაინიშნება არჩევნების თარიღი.

„თუ აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები გადაიდება. ესაა ამ საკითხის ტექნიკური პასუხი. იმედია, არ დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციაში გარკვევით წერია, როდის უნდა გაიმართოს არჩევნები და ეს მიმდინარე წლის 31 ოქტომბერია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, მისი გაუქმებიდან 45-დან 60 დღის ვადაში ჩაინიშნება არჩევნების თარიღი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.