ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდების იდეების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს. პროექტ „თვითმმართველობა განათლებისათვის“ ფარგლებში, საკრებულოს დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს პროგრამის დეტალები გააცნეს.
კონკურსის მიზანია, ახალგაზრდების ჩართულობა და მათი იდეების, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა-წახალისება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით მერია და საკრებულო კოორდინირებულად გეგმავს საინფორმაციო შეხვედრებს.
ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“-ს ეს ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდების თვითგამოხატვის უფლების მხარდაჭერას ემსახურება, უკვე ბიუჯეტში აისახა. ახალგაზრდების იდეებს, ინიციატივებს, წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50 000 ლარი მოხმარდება.
საკრებულოში უკვე წლებია „თვითმმართველობა განათლებისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები ხორციელდება, სწორედ „თვითმმართველო განათლებისთვის” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონოვაციური პროექტი ,,სასკოლო ლიტერატურა“ გახდა ინსპირაცია ამ ახალი პროგრამის, რომლის დეტალებზე, დღეს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოს, მერიისა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა პროგრამის წესზე იმსჯელეს და საინფორმაციო კამპანია დაგეგმეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს 12-დან 30 წლამდე შესაძლებლობა ეძლევათ, ადგილობრივი თვითმმართველობის მიკუთვნებულ საკითხებზე, პროექტები წარმოადგინონ და მუნიციპალიტეტისგან ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვონ.
თუ რა ფორმით შეძლებენ ახალგაზრდები საკუთარი იდეების, ინიციატივების დაფინანსებისთვის ბრძოლასა და მხარდაჭერის მოპოვებას, სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ წესში კონკრეტულად იქნება გაწერილი, სრული ინფორმირების მიზნით კი ჩატარდება საინფორმაციო კამპანია მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი პროგრამას „თვითმმართველობა განათლებისათვის“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკასთან პარტნიორობით ახორციელებს.