გორში ველობილიკების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

901

ევროკავშირისგან მიღებული გრანტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გორში ველობილიკები უნდა მოაწყოს, შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სამუშაოებისთვის 83 000 ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ველობილიკი იწყება კირიონ II-ის #12-იდან, კერძოდ, ქ.გორის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან და გრძელდება კირიონ II-ის ქუჩით, გადადის აკაკი წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც საფეხმავლო ზებრის საშუალებით, ველოსიპედისტი ხვდება მოპირდაპირე, გორის ციხის მხარეს და დავით გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით ტროტუარზე; ველობილიკი გაივლის რუსთაველის მემორიალს და ჩერდება ლომჭაბუკის მემორიალსა და გორის ციხეს შორის, დავით გურამშვილის გამზირზე. აქედან საფეხმავლო ზებრის საშუალებით გადადის გამარჯვების მემორიალის სკვერში, უვლის სკვერს და ჩერდება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად განკუთვნილ პარკინგზე, 26 მაისის სანაპიროს გასწვრივ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი ევროკავშირსა და გორის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება.

ველობილიკის მოსაწყობად ტენდერი გასულ წელსაც გამოაცხადეს, თუმცა ტედერის უარყოფითად დასრულების შემდეგ, სამუშაოები ვეღარ განხორციელდა.