თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქციას განაგრძობს. სარეაბილიტაციო ბაღებს შორის მთაწმინდის რაიონში მდებარე N4 და N55 ბაგა-ბაღებია, რომელთა შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და მათი გამაგრება-რეკონსტრუქცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს.
„აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან ორივე სააღმზრდელო დაწესებულების კონტინგენტი ამჟამად ალტერნატიულ ფართებსა და ახლომდებარე ბაღებშია გადანაწილებული და მათი დაბრუნება სტანდარტულ სამუშაო-სააღმზრდელო გარემოში აუცილებელია. პროექტის შედეგად, N4 და N55 ბაღების შენობებს ავთენტურობა შეუნარჩუნდებათ და ამასთანავე, ისინი თანამედროვე მოთხოვნებს და უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ.
პროექტების მთავარი ეტაპი – კონსტრუქციის გამაგრება დასრულებულია. ასევე, დასრულდა სველი წერტილებისა და სამზარეულოების რემონტი და სამღებრო სამუშაოები. ამჟამად, ბაღების ეზოებისა და საევაკუაციო კიბეების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.