თბილისის მერი დავით ნარმანია ერთ-ერთი მედიასაშუალების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა თბილისის მერიაში წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დასაქმდნენ, ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაც შეეხება 600 ახალი ადამიანის დასაქმებას, ეს ადამიანები არ გახლავთ ახაალი კადრები, არამედ საქმე ეხება არსებულ საკადრო რესურსს, რომლთა შტატებიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედებული “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის თანახმად გაუქმდა და მათ საკუთარი საქმიანობა თბილისის მერიასთან განაგრძეს არა შტატით, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობებით. მათ შორის არიან: მოვალეობის შემსრულებლები, დამხმარე, ტექნიკური ან დროებითი ფუნქციების განმახორციელებელი კადრები და სხვ. კანონმა ჩვენ პირდაპირ მიგვითითა, რომ გაგვეუქმებინა ასეთი შტატები და მათ თბილისის მერიაში საქმიანობა გაეგრძელებინათ შრომითი ხელშეკრულებებით, რაც შესრულდა დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია მერიის საქალაქო სამსახურებში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ არის დიდი ტყუილი, არაკეთილმოსურნეების მიერ შეთხზული და გამოგონილი კიდევ ერთი ამბავი და მხოლოდ და მხოლოდ მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ემსახურება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
წყარო: აიპრესი