გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა მერიის თხოვნას ფ/პ ელგუჯა მახარაშვილისთვის სოფელ მერეთში აღნაგობის ფორმით, ფართის 30 წლის ვადით გადაცემასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“მახარაშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ნაკვეთზე ააშენებს მეცხოველეობის ფერმას, რომლის მშენებლობა 2 წლის ვადაში დასრულდება და განხორციელდება 50 000 ლარის ინვესტიცია. ფერმაში დასაქმდება 10 ადამიანი”, – წერია საკრებულოს შესაბამის განარგულებში.
მერიამ 3 200 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ფასი განსაზღვრა 25 920 ლარით, ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, ფართობით 404.42 კვ.მ. საწყისი ფასი განსაზღრა 8 917 ლარით.
როგორც ცნობილია, ელგუჯა მახარაშვილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, რომელიც 2012 წელს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” სახელით იყო კოალიციაში. იგი დაკავებული იყო სოფელ კოშკაში მცხოვრებ გიორგი გლახაშვილის ცემის გამო, თუმცა, თანასოფლელებთან ერთად, ის მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.