პირბადის ტარებასთან დაკავშირებული ჯარიმების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება

654

პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს, ჯერ საკომიტეტო, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირი − 500 ლარით დაჯარიმდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი 20 ლარით დაჯარიმდებიან.

ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ პირბადის ტარების წესი რამდენჯერაც არ უნდა დაირღვეს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და მათ ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. თუმცა, მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.