დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან. აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე მმართველ გუნდში შეთანხმება მიღწეულია.
დეპუტატის განმარტებით, იგივე ოდენობის ჯარიმა განისაზღვრება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტაქსიში როგორც მძღოლის, ასევე მგზავრის მიერ აღნიშნული წესის დარღვევისთვის.
„ქართული ოცნების“ გუნდში ვიმსჯელეთ და გუნდის უმრავლესობის განწყობა იყო, რომ ეს 50 ლარი შეგვემცირებინა. შესაბამისად, დღეს კომიტეტზე შევამცირეთ 50 ლარიანი სანქცია და გათვალისწინებული იქნება 20 ლარი იმ შემთხვევაში, თუკი ფიზიკური პირი საჯარო თავშეყრის ადგილში პირბადის ტარების წესს დაარღვევს, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროს დაარღვევს პირბადის ტარების წესს. ასევე 20 ლარით იქნება გათვალისწინებული პასუხისგება თუკი ტაქსით გადაადგილების დროს მძღოლი ან მგზავრი დაარღვევს ამ წესს.
რაც შეეხება იურიდიული პირებს, თუკი ამ ვალდებულებას დაარღვევენ, რომ არ მოხდეს საჯარო თავშეყრის (დახურულ )ადგილებში მათ მიერ ფიზიკური პირების პირბადის გარეშე დაშვება, გათვალისწინებულია 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა. რჩება ძალიან მნიშვნელოვანი სფეროები ასევე, როცა კარანტინის წესს უნდა დაემორჩილოს ვინც საზღვარგარეთიდან ჩამოდის, უნდა მოხდეს კარანტინის წესების სრული დაცვა, იურიდიული პირების მიერ უნდა მოხდეს ასევე შესაბამისი წესების დაცვა, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი საზოგადოების უსაფრთხოება. თუკი ეს არ იქნება დაცული, ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარიანი ჯარიმა, ხოლო თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი განმეორებით განახორციელებს ამ მძიმე ტიპის დარღვევებს, აქ უკვე დაიწყება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა,“- განაცხადა ოხანაშვილმა.