“კომპენსაციის გარეშე დავრჩით ” – სოციალურად დაუცველების პროტესტი ქუთაისში
549
ქუთაისში, ყოფილ სამხატვრო სკოლაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას აპროტესტებენ და დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ. მათი თქმით, პანდემიის შემდგომ შემუშავებული გეგმა მათ არ შეეხო. შეღავათები ვერ მიიღეს ვერც კომუნალურ გადასახადებზე. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
“კომპენსაციის გარეშე დავრჩით. არც კომუნალურებზე დაწესებული შეღავათები შეგვეხო, რადგან საერთო მრიცხველი გვაქვს და არ შეიძლებაო. 75 000-ზე ზემოთ სოციალური ქულა ვისაც აქვს, მხოლოდ იმათ ეკუთვნითო. ჩვენთვის არც პანდემიის დროს და არც მანამდე საშველი ყოფილა”, – ამბობს ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში მცხოვრები ნინო მხეცაძე.
შენობაში შესახლებულებს სოლიდარობა გამოუცხადა “ლეიბორისტული პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი კიკვაძემ. მისი თქმით, მთავრობისგან კომპენსაცია სწორედ იმ პირებმა ვერ მიიღეს, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა. ოპოზიციური პარტიის წევრი ქუთაისის მერიას მოუწოდებს, შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაეხმაროს.
“მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ ქუთაისში სოციალურად დაუცველთა 80% დატოვა დახმარების მიღმა. ხელისუფლებამ ხელები დაიბანა. დაახლოებით, ხუთი მილიონი ლარის ეკონომიის გაკეთებაა შესაძლებელი ქუთაისის ბიუჯეტში. ამიტომ, მოვუწოდებ ადგილობრივ თვითმმართველობას, გასცენ კომპენსაციები იმავე რაოდენობით, რა რაოდენობითაც გაიცა სხვა მოწყვლად ჯგუფებზე. რეალურად, ამ თანხის მესამედია საკმარისი, რომ ამ ადამიანებმა ერთჯერადად მაინც მიიღონ დახმარება. ეს იქნება სამართლიანი მიდგომა”, – ამბობს ირაკლი კიკვაძე.
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ფიქრია ხაჭაპურიძე ოპოზიციური პარტიის შეთავაზებას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.
“სასურსათო ამანათები რამდენჯერმე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, სამამულო ომისა და შშმ ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, პირველი ჯგუფის შშმ პირებს. საკვები პროდუქტები მიიღო ბაგა-ბაღების 8 500 აღსაზრდელმა. უშუალოდ მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურიდან სააღდგომო ნობათი მიიღო 2750-მა სოციალურად დაუცველმა ოჯახმა”, – ამბობს ფიქრია ხაჭაპურიძე.
ქუთაისის სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში 10-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. არ აქვთ წყალი, ბუნებრივი აირი და კანალიზაცია. ადგილობრივი ხელისუფლება მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებულებზე ქუთაისიპოსტმა სიუჟეტი 2017 წელსაც მოამზადა. მაშინ შენობაში მცხოვრები ოჯახები ბინის მიღებას ნიკეას ქუჩაზე, ახლადმოწყობილ სოციალურ საცხოვრისში ელოდებოდნენ, თუმცა, საცხოვრებელი მათგან საბოლოოდ მხოლოდ ხუთ ოჯახს ერგო.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ქუთაისში რეგისტრირებული 2 467 ოჯახიდან დახმარება მხოლოდ 567-მა მიიღო.
პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...