რიჟვაძე: მალე ბათუმის ბულვარს განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი ექნება და მის განვითარებაში კონკრეტული ადამინების ჩარევას წერტილი დაესმება

560

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მალე ბათუმის ბულვარს განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი ექნება და მის განვითარებაში კონკრეტული ადამინების ჩარევას წერტილი დაესმება. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში მოხსენებით გამოსვლის დროს ისაუბრა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

”ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რა თქმა უნდა, იმ კონკრეტულ აქტივს, რომელიც ერთი მხრივ არის, როგორც ეკონომიკური აქტივი, ამავე დროს არის ჩვენი ქალაქისთვის, რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის მემკვიდრეობაც. ეს არის პირველ რიგში ბათუმის ბულვარი.

ბათუმის ბულვარი იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ექნება განაშენიანების რეგულირების დოკუმენტი, კონსერვაციის დოკუმენტი, რომელიც შეძლებს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას ადამიანის ჩარევებს ამ კონკრეტული, როგორც მემკვიდრეობის, ასევე ყველასთვის სამაგალითო სავიზიტო ბარათის განვითარებასა და განაშენიანებაში. ეს იქნება ძალიან მალე მიღწეული.

ეს იქნება ჩვენი გზავნილი ყველა კონკრეტული დაინტერესებული ადამიანის მისამართით, რომლებიც წლების განმავლობაში, თუნდაც განსხვავებულ, მაგრამ ამავდროულად რაღაც კუთხით პატივსაცემ მოსაზრებას გამოთქვამდნენ ბულვარის განვითარებასთან დაკავშირებით” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმის ხელშეკრულებას გასული წლის 27 სექტემბერს მოეწერა ხელი.