ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეკრებილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ელგუჯა ბაგრატიონს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მოუწოდებდა, სხდომა დაეტოვებინა, თუმცა, მან სხდომათა დარბაზი არ დატოვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
“აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან მოვიდნენ მოქალაქეები და თქვენ არ უშვებთ, მათთვის არ გცალიათ , რადგან ქვისლებისა და სხვა ნათესავების დასაქმებით ხართ დაკავებული. მოვითხოვ, რომ შემოუშვათ მოქალაქეები და მათ მოუსმინოთ. მე არ მაშინებს თქვენი შენიშვნები და ჯარიმები, აქ მოქალაქეების ხმა უნდა ისმოდეს”,- განაცხადა სხდომაზე ელგუჯა ბაგრატიონმა.
თავის მხრივ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ განმარტა, რომ სხდომათა დარბაზში მოქალაქეებს ვერ დაუშვებენ, რადგან შესაბამისი ადგილი არ არის. მისივე განმარტებით, ეს ოპოზიციის მიერ დადგმული შოუ.
უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაძაბული სიტუაციის გამო შესვენება გამოცხადდა.
ცნობისთვის, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშით მეორედ გამოდის. მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობის ანგარიშს აჭარის ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს.