ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, უწყებებიდან ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის, განათლების და თავდაცვის სამინისტროების ბიუჯეტი მცირდება.
„ძირითადი შემცირებები არის ინფრასტრუქტურის სამინისტროში [251 მილიონი ლარი], მოგვიწია მიმდინარე პროექტების შემცირება”, – ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დამატებითი საჭიროებების და შემცირებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი ჯამში იზრდება 4 მილიარდ 490 მილიონი ლარით და საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილი, 15 მილიარდ 923 მილიონი ლარი იქნება.
„ძირითადი შემცირებები არის ინფრასტრუქტურის სამინისტროში [251 მილიონი ლარი], მოგვიწია მიმდინარე პროექტების შემცირება;
ასევე განათლების სამინისტროში გვაქვს 127 მილიონიანი შემცირება – აქ კულტურის ნაწილშიც არის შემცირება და სპორტის ნაწილშიც; თავდაცვის სამინისტრო არის 75 მილიონი ლარით შემცირებული; ქალაქ თბილისის ტრანსფერი, რაც კაპიტალური პროექტებისთვის იყო გათვალისწინებული შემცირებულია 35 მილიონი ლარით; ეკონომიკის სამინისტროსთვის არსებული პროგრამები, რაც პანდემიამდე არსებობდა არის 26 მილიონი ლარით შემცირებული; სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაწილში შემცირებულია 15 მილიონი ლარით; ფინანსთა სამინისტროს 12 მილიონი ლარით; შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 მილიონი ლარით.
პარლამენტის ინიციატივით, პარლამენტის ასიგნებებია 4 მილიონი ლარით შემცირებული. ასევე მცირე თანხებით შემცირდა ბიუჯეტი თითქმის ყველა უწყებაში. დამატებითი საჭიროებების და შემცირებების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი ჯამში იზრდება 4 მილიარდ 490 მილიონი ლარით და საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯვითი ნაწილი, რაც პარლამენტს უნდა წარედგინოს, არის 15 მილიარდ 923 მილიონი ლარის ოდენობით“, – განაცხადა კაკაურიძემ.