დღეს გურჯაანის აგრარული ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა, მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ შევიდნენ. ამის შესახებ სპექტრი წერს.
ბაზრის დირექტორი ლამარა აკოფაშვილი ამბობს, რომ ისინი ბაზარში შესვლას ორშაბათს აპირებენ.
„ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა, მაგრამ მოვაჭრეები ორშაბათამდე არ შემოდიან. ამბობენ, საქონელი უნდა ამოვყიდოთ, ახალი მოვიტანოთ და მერეო. ჩვენ მათ ძალას ვერც შემოსვლაზე დავატანთ და ვერც გასვლაზე“, – ამბობს აკოფაშვილი.
Speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია მოვაჭრეებმაც დაადასტურეს. მათი ერთი ნაწილის თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობა უფრო კომფორტულია, ვიდრე ქუჩაში.
დღეიდან ბაზარში შემსვლელი ყველა პირი, როგორც მომხმარებელი, ისე მოვაჭრე, ვალდებულია ატაროს პირბადე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გურჯაანის ბაზარი 6 აპრილიდან დაიხურა.