პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმების შესახებ კანონპროექტი დღეს ბიუროს წარედგინება

970

წინა სტატია

დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი წარედგინება.

კანონპროექტის თანახმად, პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების დროსაც. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარით. იგივე რეგულაციები იმოქმედებს ტაქსით გადაადგილების დროსაც და ჯარიმის ოდენობა ამ შემთხვევაშიც 50 ლარი იქნება.

გარდა ამისა, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით. კანონპროექტის ინიციატორები საპარლმენტო უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე არიან. ისინი აღნიშნული ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.